გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო მზად არის ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები დროთა განმავლობაში შემუშავდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პრემიერისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლების შეხვედრაზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გამოკვეთილა.
"ძალიან საქმიანი შეხვედრა გაიმართა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ჩვენი ასოციაციის წევრები და სხვა ქსელური მარკეტებიც მზად არიან ნებისმიერი ციფრი გაიარონ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ რეჟიმში. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, ვიმუშავებთ და შემდეგ გაირკვევა საიდან მოდის ეს ყველაფერი და რატომ არის ესა თუ ის ციფრი მაღალი, ან დაბალი. მტკიცების რეჟიმში საუბარი არ ყოფილა. ეს იყო კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი და დაისვა კითხვები. საკმაოდ გრძელი პროცესია და ერთი შეხვედრის ფარგლებში ეს ვერ გადაწყდება. სექტორს არაერთხელ გვისაუბრია ისეთ გამოწვევებზე, რაც სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე.
პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ როგორც მომხმარებელი - ყველა ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და თუ რაიმე შესაძლებლობა, ფანჯარა გამოჩნდება, რაც დაარეგულირებს ამ ვითარებას - რითეილ სექტორიც მივესალმებით. ფასების შემცირების კუთხით არის სხვადასხვა მექანიზმი, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის შეღავათები. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მაღალი გადასახადებია ტერმინალით გადახდისას. FMCG სექტორი საქართველოში ჯერჯერობით ვითარდება. ჩვენ როცა ვედრებით ევროპას - იქ ისინი 10-15 წლით წინ არიან. ეს არის ბუნებრივი პროცესი. კონკურენცია ძალიან მაღალია. სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონალური ექსპანსია აქვს და ყველაფერს სჭირდება დროს", - აცხადებს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.