logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართული კალათა" ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

"ქართული კალათა" ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორმა ვაკო ელისაბედაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ახალი საწარმო, ლანჩხუთში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანიას პროდუქციის წარმადობის ზრდისა და ასორტიმენტის გაზრდის შესაძლებლობა ექნება.

"ჩვენი ახალი საწარმოს გახსნა გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა თოვლის უხვმა ნალექმა გარკვეულწილად დაგვაზარალა და შესაბამისად, გახსნა ზაფხულისთვის გადავდეთ. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ. ლარამდეა. თბილისში არსებული საწარმოდან წარმოების ძირითადი ნაწილი ახალ საწარმოში გადავა. ჩვენ გარკვეული ექსპერიმენტები უკვე ჩავატარეთ, მათ შორის, საწებლების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით, რამდენიმე სახეობას დავამატებთ და პროდუქციის მრავალფეროვნება გვექნება.

1500 კვ.მ. საწარმოს მშენებლობა დასრულებულია და  შიდა მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. საწარმოში ISO სტანდარტი დაინერგება და გვექნება ხარისხის ნიშანი. უცხოეთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა, რომ შესაბამისი სტანდარტი და სერტიფიკატი გვქონდეს. საწარმოს მთავარი ამოცანა კი ექსპორტზე გასვლა იქნება. განვიხილავთ როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებს. შესაბამისად, ISO სერტიფიკატი, რომელიც ჩვენს საწარმოში დაინერგება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც საექსპორტო ბაზრების ათვისების წინაპირობაა", - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი.

მისივე ინფორმაციით,  მიმდინარე წელს კომპანია ახალი საწარმოს გახსნის პარალელურად რეალიზაციის წერტილების დამატებასაც განიხილავთ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვთ. 

ვაკო ელისაბედაშვილის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს არ გაზრდილა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეს ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვლება. 

"საბოლოო ჯამში, განვლილი 2024 წელი კომპანიისთვის პოზიტიური იყო, თუ ბოლო 2 თვეს არ ჩავთვლით. კომპანიის გაყიდვები, 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ზრდა არ გვაქვს, თუმცა სტაბილური მაჩვენებლებით მივდივართ წინ. ჩვენი მომხმარებლების, დაახლოებით, 60% უცხოელია, ხოლო 40% ქართველი", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "ქართულ კალათა" ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ამჟამად, მათი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინი ფორმით. 

გარდა ამისა, კომპანიას თბილისში 2 ბრენდული მაღაზია აქვს და ასევე, ბაზარი ორბელიანზე და "გალერია თბილისში" სტენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი მიმართულება ქართული ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციაა. "ქართულ კალათაში" შედის ისეთი პროდუქტები როგორიც არის: ტყემალი, გოზინაყი, ჩურჩხელა, სანელებლები, ჯემები, ჩაი, ზეთი და ა.შ. პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანია აწარმოებს, თუმცა შეფუთვასა და რეალიზაციას "ქართული კალათა" უწევს.

გამოგვყევით