logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რამდენიმე თვეში ბაზარზე "თბილი ფელამოჩი" გამოჩნდება

"ფელამოჩისა" და Foodballs-ების მწარმოებელი კომპანია Foodballs Georgia ასორტიმენტს აფართოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რამდენიმე თვეში ბაზარზე "თბილი ფელამოჩი" გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, "თბილი ფელამოჩის" გარდა, მიმდინარე წელს კომპანია Foodballs-ების 2 სახეობას დაამატებს და ასევე, სარეალიზაციო არხებს გაზრდის.

გიორგი მორდეხაშვილის ცნობით, Foodballs Georgia დაგეგმილ პროექტებში დაახლოებით, 200 000 დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. 

"ფელამოჩის" სატესტო გაყიდვები 1 წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად, "ფელამოჩი" HoReCa სექტორში იყო წარმოდგენილი, ხოლო ახლა უკვე ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდა. ინდუსტრიულად წარმოებული "ფელამოჩის" გაყიდვები ერთი თვის წინ დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმოების 50% ახლა უკვე ქსელურ მარკეტებში იყიდება და ვფიქრობთ, რომ ეს წილი უფრო გაიზრდება, რადგან მოთხოვნა მზარდია. ამჟამად, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია, მათ შორის, "წერტის" ობიექტებში და ასევე, wolt-მარკეტში. სამომავლოდ ქსელური მარკეტების კუთხით გაფართოებას ვგეგმავთ. ამასთან, სარეალიზაციო არხების გაფართოების გარდა, ჩვენ ასორტიმენტის მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული გეგმები. მოგეხსენებათ, რომ Foodballs Georgia ორი მიმართულებით ვმუშაობთ - ერთი არის "ფელამოჩი", ხოლო მეორე Foodballs-ები, რომელიც არის გაყინული ნახევარფაბრიკატები, მათ შორის, ღომის და ყველის ბურთულები, შქმერული ქათმის ბურთულები, კიევური ქათმის ბურთულები და ლობიოს ბურთულები. კომპანია განვითარებას ორივე მიმართულებით ვგეგმავთ.

კერძოდ, რამდენიმე თვეში ბაზარზე "თბილი ფელამოჩი" გამოჩნდება. ეს იქნება ფელამუშის გარსში მოთავსებული სხვადასხვა ნუგბარი და ჩირეული. ვფიქრობთ, რომ დაინტერესება იქნება. ამჟამად, პროდუქტი ტესტირებას გადის, რადგან ჩვენთვის ხარისხი და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, სანამ პროდუქტი ყველა ტესტირებას არ გაივლის, მანამდე ბაზარზე არ გამოჩნდება. ვფიქრობთ, რომ ტესტირებები 2-3 თვეში დასრულდება და ახალი პროდუქტი როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებში ერთდროულად გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეორე პროდუქტზე Foodballs-ზე მოთხოვნის თითქმის 20%-იანი ყოველთვიური მატებაა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ ასორტიმენტის გაზრდას", - აცხადებს გიორგი მორდეხაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქციის მიმართ ინტერესი რამდენიმე ქვეყნიდან არის გამოხატული, მათ შორის, გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და იაპონიიდან. 

"ექსპორტის მიმართულება საწყის სტადიაზე, რადგან ამას გარკვეული რესურსები სჭირდება. შესაბამისად, მიმდინარე წელი უფრო მოსამზადებელი პერიოდი იქნება და ალბათ, მომდევნო წელს შევძლებთ ექსპორტის განხორციელებას. მათ შორის, სერტიფიკატებია საჭირო და ამ ყველაფერს დრო სჭირდება. აუცილებელია ყველა საკითხის სრულფასოვნად მოგვარება იმისთვის, რომ ექსპორტზე გავიდეთ", - აცხადებს გიორგი მორდეხაშვილი.

ცნობისთვის, Foodballs Georgia ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი კომპანიებისგან იბარებენ და შესაბამისად, მათი პროდუქტი 100%-ით ქართულია. Foodballs Georgia ამ ეტაპზე ჯამში 6 დასახელების პროდუქტი აქვს. კერძოდ, 2 სახეობის "ფელამოჩი" - რქაწითელისა და საფერავის გარსში მოთავსებული ვანილის ნაყინი და ასევე, 4 სახეობის Foodballs-ები: ღომის და ყველის, შქმერული ქათმის, კიევური ქათმის და ლობიოს.

გამოგვყევით