logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რუსთავის ავტობაზრობა ₾848 276-ით დაჯარიმდა - GCCA-ის გადაწყვეტილება

რუსთავის ავტობაზრობა ₾848 276-ით დაჯარიმდა - GCCA-ის გადაწყვეტილება

1747985699

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)  ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა და შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“  და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდგინა.

 საკითხის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა, რომ 2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და ,,ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.

 სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს (მოკვლევის შედეგად,  ორივე კომპანია განისაზღვრა ერთიან ეკონომიკურ სუბიექტად) სანქციის სახით ჯამურად - 848 276 ლარის ოდენობით  ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მოკვლევის ფარგლებში, ორივე მოპასუხე კომპანია, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო,  3-3 ჯერ დაჯარიმდა - ჯამში 26 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ ინფორმაციის მიღება  სასამართლოს შუამდგომლობით განხორციელდა.

 შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ  განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე  ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ.

 

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი თვის ვადაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

გამოგვყევით