logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" Taobao-ზე იყიდება

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩინურ ონლაინ მაღაზია - Taobao-ზე იყიდება. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, "ნიკოლის" ჩინეთის ბაზარზე განვითარების პოტენციალი აქვს.

"თვის ბოლოს მივდივართ გამოფენაზე ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში და ვნახავთ, რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ბრენდს  და გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია საინტერესო კონტაქტები წამოვიღოთ იქით", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ნიკა ნიკოლაიშვილი Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონის განთავსების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია და ასეთი შეთანხმება უფრო სტაბილური ექსპორტის საშუალებას იძლევა.

"ყველა ქვეყნის ბაზარი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. სასიამოვნო სიახლეა და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია  უფრო მეტად დავასტაბილუროთ ექსპორტის მიმართულება", - აცხადებს ნიკა ნიკოლაიშვილი.

მისივე შეფასებით, ექსპორტის მთავარი გამოწვევა დღეს რეგულარული ექსპორტია, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, რაც ბევრ დროსა და მუშაობას მოითხოვს.

ამჟამად, "ნიკოლის" მთავარი პარტნიორი, სადაც ყველაზე ხშირად ხორციელდება ექსპორტი არის ქუვეითი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მთლიან წარმოებაში ექსპორტის წილი ძალიან მცირეა, შესაბამისად, "ნიკოლის" მიზანი  საექსპორტო მაჩვენებლის გაზრდაა.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

გამოგვყევით