logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სასტუმრო "ზედაზენმა" წყლის მიწოდების შეზღუდვის გამო მუშაობა შეაჩერა

"მთავარი მაგისტრალის მილის დაზიანების გამო წყლის მიწოდების შეზღუდვით სერიოზული ზარალი მივიღეთ. ყველა ჯავშანი რაც გვქონდა გავაუქმეთ, ყველას ვურეკავ და ვუხსნი სიტუაციას", - ამის შესახებ თბილისთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერმა ჟანა დოგუზოვმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრომ დაახლოებით, 30 000 ლარამდე ზარალი უკვე მიიღო.

"რეზერვუარები ვერ ავამუშავეთ, მსგავსი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გაჩერებული გვაქვს აუზის ფუნქციონირებაც. დღეს, რომ წყლის მიწოდება აღდგეს, ჩვენ ხვალაც ვერ განვაახლებთ მუშაობას, რადგან მთლიანი სასტუმრო დასალაგებელი და მოსაწესრიგებელია. ამას დრო სჭირდება. სრული ზარალის რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული პრობლემა. 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და მომხმარებლების მხრიდან ინტერესიც იყო, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომ ამდენ ხანს ვერ აღდგა წყლის მიწოდება. ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ მალე მოგვარდება ეს სიტუაცია", - აცხადებს ჟანა დოგუზოვი.

შეგახსენებთ, თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება  რამდენიმე დღის წინ  შეუწყდა,ამის მიზეზად კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"  სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანება დაასახელა. მათივე ცნობით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით, 5 დღეში დასრულდება.

გადაცემები

გამოგვყევით