logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შეკვეთები შემცირებულია, უცხოელმა პარტნიორებმა წარმოება ინდოეთში, აზიის ქვეყნებსა და აფრიკაში გადაიტანეს" - "იმერი"

საქართველოში ტანსაცმლის წარმოების სექტორში შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია. როგორც სამკერვალო ფაბრიკა "იმერის" ხელმძღვანელი, მაია სიმონიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მიმდინარე ტენდენციის ძირითადი მიზეზი საექსპორტო ბაზრების შემცირება და დამკვეთების იაფი წარმოების ქვეყნებში გადანაცვლებაა.

სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელის განმარტებით, უცხოელმა პარტნიორებმა წარმოება ინდოეთში, აზიის ქვეყნებსა და აფრიკაში გადაიტანეს, სადაც ხელფასები მნიშვნელოვნად დაბალია. მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში მკერავის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით, 100$-ს შეადგენს, მაშინ როცა საქართველოში ერთი მკერავის თვიური სახელფასო სარგო საშუალოდ 300$-ს უდრის.

"ძირითადად საექსპორტო ბაზარი შემცირდა. ჩვენ ტანსაცმლის მწარმოებლები ვართ - უცხოელი შემკვეთები გვყავდა და პროდუქციას ვაწვდიდით, რეალიზაცია კი ევროპელ და თურქ დამკვეთებს ეხებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელფასები ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად, "იმერში" 1 მკერავის თვიური ანაზღაურება 300 ევროდან იწყება, რასაც საშემოსავლო ემატება, თუმცა არის ბაზრები, სადაც დასაქმებულის სახელფასო სარგო 100-150$-ია, შესაბამისად, დამკვეთებმა (ბიზნესმა) აზიისკენ და აფრიკისკენ გადაინაცვლეს. შეკვეთების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ შემცირებულია, თუმცა კონკრეტულად რამდენი პროცენტით ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება", - აცხადებს მაია სიმონიძე.

"იმერის" წარმომადგენელი მიმდინარე სიტუაციას სიღრმისეულად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ დროთა განმავლობაში სამკერვალო ფაბრიკის ბიზნესს მიმართულება ნელ-ნელა განლევისკენ წავა.

"საქართველოში, რაც უფრო გაუმჯობესდება პირობები, ხელფასებიც გაიზრდება და ალბათ, ეს ბიზნესი ნელ-ნელა განლევისკენ წავა. ერთადერთი გამოსავალია - ბაზარზე დამოუკიდებლად გახვიდე, შენივე ქსოვილით, მოდელით, გადამუშავებით, თუმცა საქართველოში კერვის ფასი იმატებს და აღნიშნული კუთხით ჩვენი ბაზარი საინტერესო არ გახლავთ. ჯერჯერობით, ვმუშაობთ, თუმცა ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება ვერ გეტყვით. უფრო დეტალურად, რომ გითხრათ, შარშან ევროპელი, ცნობილი ბრენდი გვყავდა, მაგრამ ბაზრიდან გავიდა, თავისთავად მუშაობა შეგვიმცირდა, ახლა საქართველოში პატარ-პატარა შეკვეთები გვაქვს. მოკლე სურათი დაგიხატეთ, რა შეიძლება მოხდეს დროთა განმავლობაში, ეს ერთი მხრივ, ჩვენთვის მომხიბვლელი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა წინ მიდის - ანაზღაურება იზრდება", - აღნიშნავს ფაბრიკის ხელმძღვანელი.

მაია სიმონიძე საექსპორტო მიმართულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამკერვალო ფაბრიკა წარსულში ექსპორტს გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში ახორციელებდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ თურქეთთან თანამშრომლობს.

ამასთან, "იმერის" ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მაღაზიის გახსნა დიდი კონკურენციის გამო აღარ იგეგმება. 

"ექსპორტს გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში ვახორციელებდით. ამჟამად, მხოლოდ თურქეთზე ვმუშაობთ. მაღაზიის გახსნას  ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე იმდენი პროდუქციაა შემოსული, ცნობილ დიზაინერებსაც კი უჭირთ კონკურენციაში შესვლა. ზოგად ჭრილში, ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა.  პროდუქციას, რომ კერავ ბაზარზე სულ მცირე, 2 000 ცალი ხომ უნდა ჩაუშვა, რომ ფასი დაიჭირო. 

საქართველოში კი ამ რაოდენობის  მოდელის ჩაშვება,  მთლად მომხიბვლელი არ გახლავთ. ფირმები, რომლებიც მაგალითად, 20 000-დან 200 000-მდე ერთი და იმავე მოდელს კერავენ, ისინი ყოველთვის კარგად მუშაობენ", - ამბობს მაი სიმონიძე.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს, "იმერის" წარმომადგენლის თქმით, კადრების დეფიციტის პრობლემა პირდაპირაა დაკავშირებული ანაზღაურების დონესთან.

"თუ გამოვაცხადებთ, რომ ხელფასი 1000 -1100 ლარი იქნება, კადრებიც გვეყოლება, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს სამკერვალო ფაბრიკა "იმერის" ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, სამკერვალო ფაბრიკა "იმერს" 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება. ამჟამად, სამკერვალო ფაბრიკა საექსპორტო მიმართულებით, მხოლოდ თურქეთთან თანამშრომლობს. ამასთან, კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული.

გამოგვყევით