logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სილამაზის საცალო ვაჭრობის სექტორში, 4 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, 5 წელში ₾131 მლნ შეადგინა - FinSPOT

სილამაზის საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი, 4 კომპანიის (შპს “პრესტიჟი” (ICI PARIS | ისი-პარი), შპს “ივერია ფრანსი” (Lutecia | ლუტეცია),  შპს “სტაილი” (Voulez-Vous | ვულე ვუ),  შპს “ინფინიტი პრო” (Qalta Bedniereba | ქალთა ბედნიერება) ჯამური შემოსავალები 5 წელში ორჯერ, ან მეტჯერ გაიზარდა და 2023 წელს ₾131 მლნ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია FinSPOT-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, კომპანიების სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სარეალიზაციო მარჟების ზრდამ.

"კომპანიების ძირითადი საქმიანობაა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია საკუთარი საცალო ქსელების მეშვეობით. პირველი სამი კომპანია ასევე ახდენს საბითუმო გაყიდვებსაც, როგორც უშუალოდ კონკურენტებთან, ასევე სააფთიაქო ქსელებთან და სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებთან.

სილამაზის საცალო ვაჭრობის სექტორი საკმაოდ სწრაფად მზარდია. წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავალები 5 წელში ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა და ₾131 მილიონი შეადგინა 2023 წელს (2018: ₾63 მილიონი). 2018-23 წლებში, კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალოდ 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

წამყვან იმპორტიორებსა და რეალიზატორებს მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. წარმოდგენილი კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალო შეწონილით 50%-ია, საოპერაციო მოგების მარჟა 18%, წმინდა მოგების მარჟა კი 12%", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, არსებული და ახალი კონკურენტების ფონზე, ძლიერი ბრენდი და მომხმარებელთა გამოცდილება /გადამწყვეტი ხდება გრძელვადიანი მოგებიანობისთვის.

"მაღალი მარჟები, დაბალი კაპიტალური დანახარჯების საჭიროება (მაღაზიების უმეტესობა იჯარით აქვთ აღებული) და დაბალი ლევერიჯი ამ სექტორს ფინანსურად მიმზიდველ და შედარებით დაბალრისკიან ბიზნესმოდელად აყალიბებს. კომპანიების ძირითადი საზრუნავი კი ხდება საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვა, რათა კომპანიებმა განაგრძონ ზრდა და საკმარისი მოკლევადიანი ლიკვიდურობის შექმნა.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა, ვინაიდან საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიების გრძელვადიანი მომგებიანობის და თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირების მნიშვნელოვანი წყაროა. ეს კი ნათლად ჩანს წარმოდგენილ ანალიზშიც, სადაც ორი დომინანტი კომპანია ახერხებს ხარჯების ოპტიმალურ მართვას და, შესაბამისად, საკმარისი ფულადი ნაკადები რჩება დივიდენდების გასაცემადაც.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს. წარმოდგენილ კომპანიებს შორის, “ისი-პარი” ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარფიუმერული კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის ბრუნვამ ₾59 მილიონი შეადგინა. ბოლო 5 წელში, “ისი-პარი“-ს შემოსავლები გაორმაგდა (CAGR: 16%). ამავდროულად, ბაზრის ლიდერს ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები და, ორ უშუალო კონკურენტთან შედარებით, საუკეთესოდ მართული საბრუნავი კაპიტალი აქვს.

“ლუტეციას” ბრუნვა ბაზრის ლიდერს 17%-ით ჩამოუვარდება და 2023 წელს ₾49 მილიონი შეადგინა. 2018-23 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 20%-ით იზრდებოდა და 5 წლის განმავლობაში ბრუნვა 2.5-ჯერ გაზარდა", - ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, კომპანია “ვულე ვუ” მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზრის დომინანტ მონაწილეებს.

“ვულე ვუ"-ს შემოსავლებმა ₾16 მილიონი შეადგინა 2023 წელს. “ვულე-ვუ“-მ ყველაზე მეტად გაზარდა სარეალიზაციო მარჟები, თუმცა მაინც ყველაზე ნელი შემოსავლების ზრდა აჩვენა. ბოლო 5 წელში კომპანიის ბრუნვა საშუალოდ წლიურად (CAGR) მხოლოდ 7%-ით იზრდებოდა.

“ქალთა ბედნიერება” კი ყველაზე მცირე მასშტაბის მქონეა, თუმცა ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი აქვს: 2023 წელს კომპანიის ბრუნვამ ₾7 მილიონი შეადგინა, ხოლო ბოლო 5 წელში საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 21% იყო.

სილამაზის სექტორის მონაწილეების საერთო მოგების მარჟები 42%-55%-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში კომპანიების საერთო მოგების მარჟები საშუალოდ 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიების ბრუნვის ზრდაში.

საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 35%-ია. კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რაც საშუალო შეწონილით შემოსავლების 16%-ს შეადგენს. მარკეტინგულ დანახარჯებში კი TOP 3 კომპანიამ ₾0.8-₾2.3 მილიონი დახარჯა წელიწადში, რაც საშუალო შეწონილით ბრუნვის 3.2%-ს წარმოადგენს. გამონაკლისია “ქალთა ბედნიერება“, სადაც მარკეტინგული ხარჯი მინიმალურია (₾19 ათასი)", - ნათქვამია კვლევაში.

გამოგვყევით