ზოგადად, რაჭული სამზარეულოს მიმართ ვიზიტორების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია და ბევრი ტურისტი რაჭული ლობიანის და შქმერულის გამო გვსტუმრობს, - ამის შესახებ ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებში მდებარე საოჯახო სასტუმრო Rusiko’s guest house-ის დამფუძნებელმა და მეპატრონემ რუსუდან ხიდეშელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, საოჯახო სასტუმრო წინასწარ ჯავშნებს აქტიურად იღებს და ვიზიტორების 100%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ.
"ჩვენი საოჯახო სასტუმრო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ძალიან მიმზიდველია უცხოელი ვიზიტორებისთვის. შესაბამისად, ჩვენი სტუმრების თითქმის 100 პროცენტი სწორედ უცხოელები არიან. ამ ეტაპზე, ჯამში 12 სტუმრის განთავსება შეგვიძლია და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გაფართოებასაც ვგეგმავთ. ჩვენი დამსვენებლები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან არიან, მათ შორის, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.
ჩვენი კულტურის დამახასიათებელი სამზარეულო და წეს-ჩვეულებები უცხოელ ვიზიტორებში დიდ ინტერესს იწვევს. ადგილზე გვაქვს ფუტკრის სკები და თაფლს ვაწარმოებთ, ასევე, მათ საცხენოსნო ტურსაც ვთავაზობთ. განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს რაჭული ტრადიციული კერძები", - აცხადებს რუსუდან ხიდეშელი.
ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო Rusiko’s guest house ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებში ერთადერთი ტურისტული ობიექტია.
აღნიშნულმა საოჯახო სასტუმრომ ფუნქციონირება 1 წლის წინ დაიწყო.