"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და მათი ინსტრუქციით ვმოქმედებთ" - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ განუცხადა,
"ევაკუაცია არ გამოცხადებულა, რადგან ამის შესახებ ინსტრუქცია შესაბამისი უწყებიდან არ მიგვიღია. არსებობს ასეთი პრაქტიკა, ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე თვის წინათაც გვქონია, არსებობს კონკრეტული პროტოკოლი თუ როგორ იმართება ასეთი სიტუაცია. ჩვენ - სავაჭრო ცენტრი, ვალდებულები ვართ შესაბამის უწყებებს მივმართოთ, ისინი მართავენ პროცესს, ჩვენ მათთან მჭიდროთ ვთანამშრომლლობთ,"- განუცხადა ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორს".
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. სუს-ის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.