ქართულ-ნორვეგიულმა კომპანიამ "სნეილ ქეჩი" (ნადი გრუპი) ლოკოკინას ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი გაზარდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელი მერაბ ნადარაია აცხადებს, მიმდინარე წლის ზაფხულამდე კომპანია ლოკოკინას ფილეს და „ესკარბოს“ 2 სახეობას აწარმოებდა, ხოლო ახლა ჯამში 5 სახეობის ნახევარფაბრიკატი აქვს. მისივე თქმით, "სნეილ ქეჩის" მომხმარებლები რესტორნები და სასტუმროები არიან.
მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ლოკოკინას პროდუქტებზე მზარდი, თუმცა დაბალი მოთხოვნაა, რადგან აღნიშნული ტრადიციულ პროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოში კომპანიის წარმოების მხოლოდ 10% იყიდება, ხოლო ექსპორტზე 90% გადის.
კომპანია მომავალში წარმადობის 500 ტონამდე გაზრდას და კოსმეტიკის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.
"გვინდა, რომ ლოკოკინას წარმოებაში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. შემდეგი ნაბიჯი შესაძლებელია კოსმეტიკის ხაზი იყოს. გვქონდა კონტაქტები ადგილობრივ კოსმეტიკურ კომპანიებთან, არის ინტერესი და ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რა პროდუქტები იქნება საინტერესო", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, კომპანია "სნეილ ქეჩის" ყოველწლიური წარმადობა ამ ეტაპზე 200 ტონაა. კომპანიის საკუთრებაშია ხობში 6 ჰექტარზე, ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა კი, "სნეილ ქეჩმა" 2023 წელს დაასრულა. კომპანიამ პროექტში 1,5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სენაკში აშენდა. „სნეილ ქეჩის“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება, ხოლო ექსპორტზე იტალიასა და თურქეთში.