logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისის ზღვის სანაპიროზე მინი ქალაქი გაშენდება - ნოდარ გიორგაძე

30 ჰექტარის ფარგლებში თბილისის ზღვის სანაპიროზე გაშენდება მინი ქალაქი, რომელშიც ყველაფერია, - ამის შესახებ "ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან  ახალ კომპლექსურ პროექტზე  - "თბილისის ბულვარზე" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მსგავსი არ არსებობს არა საქართველოში, არამედ  იშვიათობაა აღმოსავლეთ ევროპაშიც.

"2012 წელს დაიწყო ამ პროექტის რეალიზაცია, ეს იყო აკვა-პარკის მშენებლობა, თუმცა ტერიტორია შემთხვევით არ იყო შერჩეული. ადგილმდებარეობა შეირჩა იმ მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც საბჭოთა პერიოდში აღმოჩნდა. ანუ, ამ ტერიტორიაზე არის კლიმატური კურორტი, რომელიც  კარგია  გულის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ, აქ დაგეგმილი იყო საერთაშორისო ცენტრის აშენებაც კი.

ჩვენ როცა დავიწყეთ ამ პროექტის რეალიზაცია, თავიდანვე გაჩნდა იდეა, რომ ამის გარშემო უნდა განაშენიანებულიყო მსგავსი საკურორტო ზონა.

აქ იქნება ბიზნესცენტრი, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, საკონფერენციო დარბაზები, უზარმაზარი რაოდენობით სასტუმრო ნომრები და სანაპირო ზოლი, სადაც იქნება პრომენადა, რაც ჩემი ოცნება იყო, რომ თბილისში მსგავსი რამ ყოფილიყო. პრომენადა არის იდეალური რამ ადამიანების დასვენებისთვის როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ეს არის დაახლოებით, 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ამოვიდნენ და დაისვენონ. ყველაფერი ხდება ერთ ლოკაციაში. სლოვაკეთში არის მსგავსი პროექტი და ეს იმდენად პოპულარულია, რომ ბრატისლავის ცენტრში თუ 1კვ.მ ფართი ღირს 6000 ევრო, ამ კომპლექსში ღირს 16 000 ევრო.

მან მოიპოვა თავისი განსაკუთრებული ფუნქცია. ამიტომ ამ პროექტს უზარმაზარი დადებითი მხარეები  აქვს. გარდა სისუფთავის, ეკოლოგიის, სიმშვიდის და ხედების, ჩვენ პროექტში ჩადებული გვაქვს ისიც, რომ ყველა შენობაზე განთავსებული იქნება მზის პანელები.  ასევე, ქარის ენერგიასაც გამოვიყენებთ და იქ ვინც იქნება ნებისმიერი ობიექტი ენერგიას შეღავათიან ფასში მიიღებს, რადგან ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ გარკვეულ  რაოდენობას. მწვანე ენერგიის კუთხითაც, ჩვენი კომპლექსი იქნება ძალიან საინტერესო", - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

ცნობისთვის, "თბილისის ბულვარი" "ჯინო ჰოლდინგს" ეკუთვნის. თბილისის ზღვის მიმდებარე კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს.

გამოგვყევით