მომატებული ფასების გამო, თბილისსა და ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა. ბოლო ერთ თვეში, უძრავი ქონება ორივე ქალაქში გაძვირდა, თუმცა ფასების მატების ტემპი შენელებულია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევისა და მონაცემთა სერვისების განყოფილების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ განუცხადა, ივნისის თვის მონაცემებით, თბილისში 3,049 ბინა გაიყიდა.
„ეს მაჩვენებელი, წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-ით შემცირებული მონაცემია, ბაზრის ზომა კი 13%-ით, 212 მილიონ დოლარამდე შემცირდა“, - განმარტა ლეო ჩიქავამ.
Colliers Georgia-ს მიმოხილვაში საუბარია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზეც, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, ასევე ტრანზაქციების კლება შეინიშნება, კერძოდ წინა წლის ივნისთან შედარებით, ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობა 19%-ით, 1,105 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი თბილისის მსგავსად, 13%-ით იკლო და 56 მილიონი დოლარი შეადგინა.
„კლების მაჩვენებლებია წლის პირველი ნახევრის მონაცემებითაც. კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის 3%-იანი, ბათუმში კი 17%-იანი კლება დაფიქსირდა. ტრანზაქციების შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ის, რომ ფასები ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მეორე მიზეზი არის ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც მაგალითად მაისი - ივნისის თვეებში მიმდინარეობდა“, - აღნიშნა Colliers Georgia-ს კვლევისა და მონაცემთა სერვისების განყოფილების ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება უძრავ ქონებაზე არსებულ ფასებს, Colliers Georgia-ს ცნობითვე, საქართველოში საცხოვრებელი ფართების 2024 წლის საშუალო შეწონილი ფასი ამჟამად - 1063 დოლარია.
„თბილისში - ივნისში როგორც ახალი, ასევე ძველი ბინები გაძვირდა. კერძოდ, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველი ბინების გასაყიდ ფასს, 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 5%-ით. უძრავ ქონებაზე ფასების მატებაა ბათუმშიც, სადაც ივნისში ახალაშენებული ბინების ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ითაა გაზრდილი“, - განაცხადა ლეო ჩიქავამ. მისივე თქმით, ქვეყანაში ბინები კვლავ ძვირდება, თუმცა ფასების ზრდის ტემპია შენელებული.
დარგის ექსპერტები და ასევე დეველოპერები ფიქრობენ, რომ 2024 წლის განმავლობაში უძრავი ქონების მეტად გაძვირება მოსალოდნელი აღარ არის და მეტიც, შემცირებული ტრანზაქციების ფონზე, არაა გამორიცხული ბინებმა გაიაფება დაიწყოს. თუმცა, სექტორში, ცხადია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან ბინების ფასები როგორც მოთხოვნა-მიწოდების საკითხზე, ისე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეა დამოკიდებული.
უძრავი ქონების ფასებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მშენებლობის ინდექსიც განსაზღვრავს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მშენებლობა გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით, წინა წლის მაისთან შედარებით კი, თითქმის რვა-ნახევარი პროცენტით გაიზარდა. ფასების მატება - სამშენებლო მასალების გაძვირებამ და სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებების ზრდამ განაპირობა.