logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება არ არის საგანგაშო, თუმცა არის საყურადღებო" - ზუკა თავყელიშვილი

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი - გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart - ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა  განუცხადა, მიმდინარე წლის თებერვლის თვის მონაცემებით, თბილისში ოფიციალურად 3,290 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მისივე ინფორმაციით, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, უძრავი ქონების ტრანზაქციები ჯამურად პირველად ბაზარზე 10-12%-იან, მეორად ბაზარზე კი 5-10%-იან კლებას აჩვენებს.

უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება არ არის საგანგაშო, თუმცა არის საყურადღებო“, - აღნიშნა თავყელიშვილმა. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამ ეტაპზე არ არსებული რისკებისა, თუკი მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, ანუ მოთხოვნა შემცირებული იქნება, ეს ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს წარმოშობს, რისი დარეგულირებაც ბაზარს შემცირებული ფასებით მოუწევს.

თუმცა, ამჟამად, ფასების კლების ტენდენცია არ შეინიშნება და მეტიც, 2025 წლიდან უძრავმა ქონებამ გაძვირება დაიწყო. ამჟამად, თბილისში ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1,334 დოლარს უტოლდება“, - განმარტა Galt & Taggart - ის ასოცირებულმა მკვლევარმა.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც ფასებთან, ისე ტრანზაქციებთან მიმართებით, ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის შემდგომი გამოცოცხლება მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები. ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნის შემცირებაზე მიმდინარე წელს გავლენა სწორედ გაუარესებულმა მოლოდინებმა იქონია.

თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ წლის პირველ კვარტალზე დაყრდნობით მსჯელობა ნაადრევია, რადგან უძრავი ქონების ბაზარს როგორც წესი დაგროვილი მოთხოვნის ეფექტი ახასიათებს ხოლმე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ბაზარი მალე დაუბრუნდეს თავის ჯანსაღ მაჩვენებლებს.

რაც შეეხება საიჯარო ბაზრის ტენდენციებს, აქ ფასების კლება შეინიშნება. ზუკა თავყელიშვილის განმარტებით, ქირაზე ფასის შემცირება მოსალოდნელი იყო, რადგან 2022-2023 წლებში იჯარის ღირებულება ერთბაშად არაბუნებრივად გაიზარდა, რაც ერთჯერადი ფაქტორებით იყო განპირობებული. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე თვეებში, საქართველოში დიდი რაოდენობით შემოსულმა მიგრანტებმა საიჯარო ბაზარი უფრო მიმზიდველი გახადეს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახა. ამჟამად კი, დარგის ექსპერტების შეფასებით, მიგრანტების ეფექტი ამოწურულია და ქირის ფასი ლოგიკურ ნიშნულს უახლოვდება.

„ბოლო მონაცემებით, კვადრატულ მეტრზე ქირის ფასი, წლიურად დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული და 9-დან 10 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა Galt & Taggart - ის ასოცირებულმა მკვლევარმა.

ის, რომ ქირაზე ფასები შემცირებულია ადასტურებენ დეველოპერებიც, თუმცა ამბობენ, რომ უძრავი ქონება საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, რადგან მისი ამონაგები კვლავ საკმაოდ მაღალია და 9%-ამდე ნარჩუნდება.

გამოგვყევით