logo
Loading data...
მთავარი ბლოგი

სტატია

რა არის ეკონომიკა?

რა არის ეკონომიკა?

1710759780

ხშირად მიაჩნიათ, რომ ეკონომიკა მხოლოდ ფულთან დაკავშირებული დარგია. სინამდვილეში კი ეს სფერო ეხება ყველა იმ რესურსს, რომელიც შეზღუდულია, მაგალითად, დრო, მიწა, ნედლეული, ადამიანური შრომა და ტექნოლოგია. ეკონომისტები კი ცდილობენ, დააკვირდნენ და გაარკვიონ თუ როგორ უნდა განაწილდეს რესურსები ეფექტურად, ისე, რომ ინდივიდების, ბიზნესისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობა გაუმჯობესდეს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეკონომიკა სოციალური მეცნიერების დარგია, რომელიც სწავლობს ადამიანთა არჩევანს პროდუქციისა და მომსახურების წარმოების, განაწილებისა და მოხმარების პროცესში.

ეკონომიკის ბაზისების ცოდნა ყველა მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის ხარისხზე - აუმჯობესებს ან აუარესებს მას. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა პროდუქტი შევიძინოთ, სად დავსაქმდეთ, ან როგორ განვახორციელოთ ინვესტიციები, ჩვენ ვეყრდნობით ეკონომიკურ პრინციპებს. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკა, როგორიცაა გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები და სამთავრობო ხარჯები, პირდაპირ აისახება ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ეკონომიკის ძირითადი პრინციპების, სისტემებისა და გავლენების შესახებ ვისაუბრებთ. 

ეკონომიკის ძირითადი პრინციპები

ეკონომიკის პრინციპების ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ დებულებებზე დაყრდნობით ხდება ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, ეს ცოდნა აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. 

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ბირთვი დეფიციტის კონცეფციაა. იგულისხმება, რომ რესურსები, იქნება ეს ფული, დრო თუ მასალა - შეზღუდულია, მაგრამ ამის პარალელურად, ადამიანის სურვილები და მოთხოვნები ერთი შეხედვით უსასრულო ჩანს. შესაბამისად, ამ გვარი დისბალანსის არსებობა არჩევანის გაკეთებას საჭიროებს. ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპიც სწორედ ამ საკითხს ეხება, რადგან სფერო სწავლობს თუ როგორ აკეთებენ ინდივიდები, ბიზნესი და მთავრობები ამ არჩევანს. 

ვინაიდან გარშემო არსებული რესურსები შეზღუდულია, ეკონომიკური სუბიექტები, ინდივიდები, ფირმები და სახელმწიფოები, იძულებულნი არიან არჩევანი სხვადასხვა ალტერნატივებს შორის გააკეთონ. ეს არჩევანი კი გარკვეულ კომპრომისებს გულისხმობს, გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, რაიმეზე უარის თქმაა საჭირო. ალტერნატიული დანახარჯებისა და კომპრომისების პრინციპი თანაბრად ეხება როგორც განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკას, ისე განვითარებად სახელმწიფოებს, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკას. 

მოთხოვნა და მიწოდება საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პროდუქტის ან/და მომსახურების ფასი მისი ხელმისაწვდომობისა (მოწოდების) და სურვილის (მოთხოვნის) შესაბამისად განისაზღვრება. მაშინ, როცა მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ფასი იზრდება, ხოლო თუ სიტუაცია პირიქით ტრიალდება და პროდუქტის ხელმისაწვდომობა მასზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, ფასი ეცემა. ეს დინამიკური ბალანსი კი გავლენას ახდენს ყველაფერზე, საფონდო ბირჟებიდან დაწყებული, ფინჯანი ყავის ღირებულებით დამთავრებული. 

ეკონომიკური სისტემები

მსოფლიო ეკონომიკაში არსებობს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური სისტემები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ ხდება ამ სფეროში რესურსების განაწილება და გადაწყვეტილებების მიღება.

ტრადიციული ეკონომიკა

ტრადიციული ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე, თევზაობასა და შეგროვებაზე დამოკიდებულებით ხასიათდება. იგი თაობებს შორის გადაცემული და გაზიარებული წეს-ჩვეულებებით ხელმძღვანელობს.  ამ სისტემის პირობებში, წარმოება და განაწილება, როგორც წესი, სოციალურ როლებსა და ნორმებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ეკონომიკა მხარს უჭერს სოციალურ ერთიანობას, ცვლილებებისადმი მისმა უკიდურესმა წინააღმდეგობამ, შესაძლოა, ეფექტურობა და ინოვაციურობა მნიშვნელოვნად შეზღუდოს. 

გეგმიური ეკონომიკა

გეგმიური ეკონომიკა ცენტრალიზებული მთავრობის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს. იგულისხმება, რომ საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ მიიღება. სწორედ მთავრობა ადგენს რა უნდა აწარმოოს, რამდენი და რა ღირებულების. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა მიზნად თანასწორობისა და უმუშევრობის აღმოფხვრას ისახავს, ის ხშირად არაეფექტურია და ინდივიდუალურ თავისუფლებებს მნიშვნელოვნად ზღუდავს. ამის თვალსაჩინო მაგალით კი საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემაა. 

საბაზრო ეკონომიკა

საბაზრო ეკონომიკა მთავრობის მინიმალური ჩარევით, მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპის გათვალისწინებით იმართება. ბაზრის უხილავი ხელი რესურსების განაწილებას განაპირობებს, ამასთანავე, ხელს უწყობს სისტემის ეფექტურობასა და მუდმივ განვითარებას. თუმცა, რეგულირების გარეშე, ამ სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი უთანასწორობა და ბაზრის წარუმატებლობა.

შერეული ეკონომიკა

შერეული ეკონომიკა აერთიანებს როგორც საბაზრო, ისე გეგმიურ სისტემებს. იგულისხმება, რომ შერეული ეკონომიკაზე მოქმედებს როგორც საბაზრო ძალები, ისე სახელმწიფო რეგულაციები, რაც ეფექტურობისა და თანასწორობის დაბალანსებას ცდილობს. ამ ტიპის სისტემა გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკა, საფრანგეთის ეკონომიკა და საბერძნეთის ეკონომიკა სწორედ ამ მოდელს ეფუძნება. 

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას, ის შერეული ტიპისაა, თუმცა უფრო მეტად საბაზრო ეკონომიკისაკენ იხრება. ამავე პრინციპზე დგას ისრაელის ეკონომიკა. 

დაბოლოს, ეკონომიკა დინამიკური და მუდმივად ცვალებადი სფეროა.  ამიტომ, ეკონომიკური განათლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თეორიული ცოდნის შეძენით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს მუდმივი ანალიზი, ახალი ტენდენციების აღქმა და ცვლილებებთან ადაპტაცია. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებას, სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტო ბიზნესპარტნიორი მუდმივ რეჟიმში გთავაზობთ სიახლეებს ამ სფეროში.

ავტორი: სალომე სუხიტაშვილი 

გამოგვყევით