უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 47% ქალია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით.
„საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული გენდერული თანასწორობა და ყველა ვსაუბრობთ, რომ გენდერული თანასწორობა შეუძლებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. ეს კი პირდაპირ ბმაშია უძრავი ქონების ფლობასთან, სამეწარმეო საქმიანობასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია. ეს არის უფასო. აქ ძალიან კარგად იკვეთება სტატისტიკა როგორ მივდივართ. სიამაყით უნდა ითქვას, რომ დღეს 47% რეგისტრირებული მესაკუთრე უძრავი ქონებისა არის ქალი.
2000-იან წლებში როდესაც ხდებოდა მიწის პირველადი რეგისტრაცია, მესაკუთრედ მიეთითებოდა ე.წ. ოჯახის უფროსი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ უმეტესწილად იყო კაცი. დღეს როდესაც მიწის ნაკვეთებს ვარეგისტრირებთ - ჩვენ ოჯახის ყველა წევრს ვაფიქსირებთ, შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონება გამოდის თანასაკუთრება და ქალებსაც ანალოგიურად ეკუთვნით.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით იქნა წარდგენილი და პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, შრომის კოდექსში იქნა შეტანილი ცვლილება, საკანონმდებლო დონეზე ჩვენ კარგად მივდივართ. ძირითადი გამოწვევა რაც რჩება - ეს არის ცნობიერების ამაღლება. ამიტომ ყველა ტრიბუნიდან ვცდილობთ ამ თემაზე საუბარს“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.