სხვადასხვა უწყებების მიერ, 2024 წელს გაცემულია 28 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, რომლის საერთო მოცულობა 5 313 225 ლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) აქვეყნებს.
უწყების ცნობით, 2024 წელს უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდულური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რომელსაც მოჰყვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. სახელმწიფო დახმარების ფორმას ძირითადად წარმოადგენდა ფინანსური დახმარება (73%) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება (27%).
"2023 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებამ, საერთო მოცულობით 8 337 803 ლარი შეადგინა, 2022 წელს, 3 010 036 ლარი, ხოლო 2021 წელს 14 744 673 ლარი.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, მისი გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.
ინფორმაციისთვის: უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალურ სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში - 200 000 ლარს,"-აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.