თბილისში, ფონიჭალაში თბოენერგოეფექტური ბლოკის საწარმო - "ეკობლოკი+1" გაიხსნა. როგორც საწარმოს დამფუძნებელი დავით ზაზარაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამ ეტაპზე მუშაობა სარეალიზაციო ბაზრების მოძიება მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
"ეს იქნება პოლისტიროლბეტონის ბლოკი, რომელიც საქართველოში, გერმანული კომპანია BASF GMbH-ს ტექნოლოგიით დამზადდება. ბლოკს აქვს უმაღლესი თბოიზოლაცია, რაც გამორიცხავს დამატებითი დათბუნების
საჭიროებას. ბლოკის ღირებულება 5 ლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ხარისხის სერტიფიკატები უკვე მივიღეთ და მუშაობა უკვე დავიწყეთ. მზად ვართ სარეალიზაციოდ და კონტრაქტის გასაფორმებლად, რადგან გარკვეული რაოდენობის მარაგი უკვე დავამზადეთ.
ბაზარზე მსგავსი ტიპის ბლოკი არის, თუმცა მაინც განსხვავებული ნიშა გვაქვს. პოლისტიროლბეტონი არის ეკოლოგიურად სუფთა, ვინაიდან ის შედგება მხოლოდ პოლისტიროლის, პლასტიფიკატორის (ჰაერ შემყვანი) ცემენტის და წყლისგან. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის, წყალს არ იწოვს და ნესტს და ობს არ იკეთებს", - აცხადებს დავით ზაზარაშვილი.
ცნობისთვის, საწარმოს დღიური წარმადობა ამ ეტაპზე, 1000 ბლოკს შეადგენს და ჯამში, 7 ადამიანია დასაქმებული.