logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ახალი ადგილები, სადაც ნიადაგში ოქროს მაღალი შემცველობაა" - მსოფლიოში ოქროს მარაგები 216 ათას ტონას აღემატება

“სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები ახლა იმაზე მეტ ოქროს ყიდულობენ, ვიდრე გასული ათწლეულების განმავლობაში“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რატი მესხიშვილმა - შპს „მატიოს“ დირექტორმა განუცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მკაფიო ტენდენცია შეინიშნება განვითარებად სახელმწიფოებში, მაგალითად - ინდოეთში. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში რეზერვების უდიდესი ნაწილი დოლარში იყო, თუმცა ახლა ისინი ამერიკულ დოლარს ყიდიან და მას ოქროთი ანაცვლებენ.

საერთო ჯამში, ამჟამად, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, თითქმის, 38 ათას ტონა ოქროს ფლობენ. ყველაზე მეტი რეზერვი აშშ-ს ცენტრალურ ბანკს აქვს და ის 8 133.5 ტონას შეადგენს, შემდეგ პოზიციაზე გერმანიაა - 3 351.5 ტონით, ლიდერების სამეულს იტალია ასრულებს -  2 451.8 ტონა ოქროს რეზერვით. აღსანიშნავია, რომ ოქროს რეზერვები უკვე საქართველოს ეროვნულ ბანკსაც აქვს და ის 7 ტონას აღემატება.

როგორც რატი მესხიშვილი განმარტავს, ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს რეზერვებზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გააქტიურდა, 2022 წლიდან დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა სხვა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კი, ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა.

„ცენტრალური ბანკები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნით, ასევე კრიზისებისა და ინფლაციისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. ვფიქრობ, ეს პროცესი მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განმარტავს შპს „მატიოს“ დირექტორი.

იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ ცენტრალური ბანკების მხრიდან არსებობს, არამედ იუველირებისგან, ინვესტორებისგან და რიგითი მომხმარებლების მხრიდანაც, რომლებიც ოქროს სამკაულებს აქტიურად ყიდულობენ. შესაბამისად, ოქროს ნაკეთობების რეალიზაცია მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე მზარდია და ოქროს გლობალურ მარაგებშიც სამკაულების წილი ყველაზე დიდია.

ამჟამად, მსოფლიოში ოქროს მარაგები 216 ათას ტონას აღემატება და აქედან 97 ათასი ტონა სწორედ სამკაულია. ნაკეთობების წარმოების კუთხით ლიდერები - აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი არიან. რაც შეეხება ოქროს, როგორც ნედლეულს, აქაც წარმოებაში ჩრდილოეთ ამერიკა ლიდერობს 500 ტონით, მას ჩინეთი და რუსეთი მოჰყვება.

თუმცა, როგორც შპს „მატიოს“ დირექტორი გვიყვება, ბოლო წლებში, ოქროს წარმოებაში ახალი ბაზრებიც გააქტიურდნენ - კერძოდ აფრიკული ქვეყნები.

„იმ ადგილებში, სადაც ოქრო დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, მარაგები უკვე ამოიწურა, თუმცა, გამოჩნდა ახალი ლოკაციები, სადაც ნიადაგში ძვირფასი მეტალის მაღალი შემცველობაა. სწორედ ასეთია აფრიკის კონტინენტი“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

ოქროს მსოფლიო საბჭოს 2024 წლის მონაცემებით, გასულ წელს აფრიკაში საერთო ჯამში 1000 ტონაზე მეტი ოქრო მოიპოვეს. წარმოების კუთხით ლიდერები განა, მალი და სამხრეთი აფრიკა იყვნენ.

გამოგვყევით