„რატომ ირჩევენ უცხოელი ინვესტორები საქართველოს? - იმიტომ, რომ ეს არის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, ლოკაციურად ძალიან საინტერესო, სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა და ასევე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა საინტერესო შეიძლება იყოს არამხოლოდ ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიებისთვის, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, არამედ სხვა ფორმატის ბიზნესებისთვისაც, მათ შორის - ფინანსური, თუ სამედიცინო კომპანიებისთვის.
„სწორედ ეს გადამზიდავი ველი და დერეფანი შექმნის ახალი ეკონომიკური განვითარების და ფულადი ნაკადების წყაროს, რომელიც თავის მხრივ მერე სხვადასხვა სექტორებს მოამარაგებს“, - განმარტა ნინა კობახიძემ.
"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა და ასევე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იმ ზოგად ფაქტორებზეც ისაუბრა, რასაც ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებამდე უცხოელი ინვესტორები ყურადღებას აქცევენ.
„კარგი, მოქნილი საგადასახადო სისტემა, თავისუფალი და სტაბილური ეკონომიკური გარემო, თავისუფალი სასამართლო სისტემა და ფულის კეთების მარტივი საშუალება - როდესაც ინვესტორი ირჩევს ქვეყანას, სწორედ ამ გარემოებებს აქცევს ყურადღებას. მე პირადად, ჩემი გამოცდილებიდან, ბევრჯერ მიმუშავია ინვესტორებთან და არაერთი ადგილობრივი მსხვილი კომპანიისთვის მომიძებნია ინვესტორი. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ საქმიანი პარტნიორების განათლების დონესა და მათ სანდოობასაც“, - განმარტა ნინა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში საკმაოდ ბევრი უცხოელი ინვესტორია, რომელთა აქ ოპერირებაც სხვა ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობასაც აჩენს.
გარდა ამისა, როგორც ნინა კობახიძე ამბობს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე კარგად მოქმედებს ისიც, რომ ქვეყანას სხვადასხვა სახელმწიფოსთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.