"2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირისა და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს, რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"გასული 12 წლის მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, წარმატებით ავითვისეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები, გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება, ისტორიულ მინიმუმზეა ორივე მაჩვენებელი, შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც მთავარია გვაქვს თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა რაც არასდროს, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, 26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება.
"26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა, ქართველი ერის სურვილია ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.