logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საბაჟო დეპარტამენტის უდიდესი რესურსი სანქციების აღსრულების საკითხს ეთმობა - ზურაბ სიჭინავა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენების მცდელობები არსებობს, თუმცა დეპარტამენტი აღნიშნულ საკითხს ძალიან მკაცრად აკონტროლებს.

როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, სანქციების აღსრულების ნაწილი არის ერთ-ერთი რთული  და რუტინული პროცესი საბაჟო დეპარტამენტისთვის.

"შევქმენით სპეციალიზებული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლებისგან შედგება, რომლებიც გადამზადებულები არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ და გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება. ეს ჯგუფი აკონტროლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სანქციების აღსრულების პროცესს, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყენება სანქცირებული ტვირთის მიერ. ამ ეტაპზე შექმნილია 37-ზე მეტი რისკის პროფილი, რომელიც მუშაობს როგორც ტრანზიტულ ტვირთზე, ისე რეექსპორტზე, ექსპორტზე, იმპორტზე, ფიზიკურ პირებზე და ა.შ. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე დავდექით მოულოდნელად, რადგან არავინ იცოდა, რომ რეგიონში ასეთი ვითარება შეიქმნებოდა. ჩვენი უდიდესი რესურსი სანქციების აღსრულების საკითხს მიაქვს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად და დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად ვასრულებთ ამას. თეორიულად შესაძლებელია ვიღაცამ, რაღაც შემოაპაროს, ან გააპაროს და ამისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღემდე 2053-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და ტვირთი გვყავს გაბრუნებული, რომლებიც ცდილობდნენ სანქციებისგან თავის არიდებას. ასევე, 1300-ზე მეტი წერილობითი თუ ზეპირი განცხადება გვაქვს დაკმაყოფილებული და ახსნილი ჩვენი მეწარმე სუბიექტისთვის - რა არის სანქცირებული, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მცდელობები, რა თქმა უნდა, არის.

ოპერატიულ რეჟიმში ვართ კონტაქტზე  როგორც ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, ისე ამერიკის ექსპორტის კონტროლის პროგრამასთან, ხაზინასთან და ვაჭრობის დეპარტამენტთან. ოპერატიულ რეჟიმში მიდის ინფორმაციების გაცვლა. ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან ჩვენი მუშაობა ფასდება უმაღლეს დონეზე“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

გამოგვყევით