logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ანალიტიკოსების ვარაუდით, წელს ნავთობის ღირებულება 65-75 დოლარის ფარგლებში იქნება

საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე 2025 წლის დასაწყისიდან, ფასების კლების ტენდენციაა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 70 დოლარს შეადგენს.

„გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ფაქტორი - აშშ-ს პრეზიდენტის სატარიფო გადაწყვეტილებას უკავშირდება. როგორც იცით, დონალდ ტრამპი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის ტარიფებს უწესებს და ამ ქვეყნებს შორისაა: როგორც ჩინეთი, მექსიკა და კანადა, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შედეგად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ტარიფები გაართულებს სავაჭრო ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს ბიზნესაქტივობის შემცირებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ნავთობის მოხმარებას. დაბალი მოხმარების გამო კი, დაიკლებს ფასები. მეორე ფაქტორი, რასაც ანალიტიკოსები, ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნას უკავშირებენ, მიწოდების ზრდის მოლოდინია. კერძოდ, ოპეკი პლუსის წევრმა ქვეყნებმა აპრილიდან ნავთობის წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მიწოდებასაც გაზრდის და ფასებზე კლების კუთხით ზეწოლა ექნება. ჯამში, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ვარაუდობენ, რომ 2025 წლის განმავლობაში, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 65-75 დოლარის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ამბებს და ფასების კლებას, ჯერჯერობით, ასახვა არ ჰქონია ქართულ ბაზარზე და აქ ფასები, იანვრის ბოლოდან მოყოლებული, სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 236 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21,5%-ით აღემატება. საქართველოში ბენზინის დიდი ნაწილი ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან შემოდის, როგორებიცაა - ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბელარუსი. დიზელის ძირითადი მომწოდებელი კი რუსეთი და აზერბაიჯანია.

გამოგვყევით