logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბი იყოს" - მაია მელიქიძე

გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბი და კორიდორი იყოს. ამის შესაძლებლობას გვაძლევს როგორც ჩვენი რესურსები, ასევე გეოგრაფიული მდებარეობა, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო  თუ სწრაფად არ დაიწყებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას, მაშინ ამ შანსს მეზობელი ქვეყნები გამოიყენებენ. 

"2030 წელს ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ სამიზნე ნიშნული, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარებაში 27% უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წილი. დღევანდელი მონაცემებით, ეს არის დაახლოებით, 19%-ი. არსებობს "თაიმსის" მეთოდი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დათვალა მონაცემები და მნიშვნელოვანი ნიშნულები დასახა. 547 მგვტ უნდა იყოს მზისგან გენერირებული ელ.ენერგია, 730 მგვტ -  ქარის, ჰიდროს წილი კი -  430 მგვტ მარეგულირებელი, ხოლო 237 მგვტ -  მოდინებაზე. ამ ყველაფრის ათვისებას ყველა პროექტის განხორციელება სჭირდება. ჩვენ ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნიშნულების გადახედვა მოგვიწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უნდა გავუშვათ - თუ ჩვენ ელვის სისწრაფით არ დავიწყებთ მშენებლობას, მაშინ ჩამოვყალიბდებით ისეთ ქვეყნად, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ტრანზიტული ხასიათის და ამ შანსს ჩვენი მეზობლები გამოიყენებენ", - აცხადებს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და, ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

გამოგვყევით