logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში "საქართველოს განვითარების ფონდის" თანამონაწილეობა $5 მლნ იქნება

ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობა 5 მლნ აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს. 

პროექტს  კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

ფონდის ინფორმაციით,  პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობით, საფუძველი ჩაეყარა ისტორიული პროექტის დაწყებას. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს არსებობა ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ქვაკუთხედი გახდება. მაღალტექნოლოგიური წარმოება ფონდის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ამას გარდა, ვინაიდან წარმოებული ნედლეული გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, სამშენებლო და სხვა მიმართულებებით, გაიზრდება ხელმისაწვდომობა  ინდუსტრიისთვის საჭირო რესურსებზეც. უმნიშვნელოვანესია, რომ ქარხანაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,“  - განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ.

ქარხანა სამი ტიპის პროდუქტს აწარმოებს: ნაფტა, დიზელი, მაზუთი, რომლებიც გადამუშავების შედეგად გამოიყენება, როგორც ბენზინის მისაღები ნედლეული, საავტომობილო ზეთები და დიზელი, გემების საწვავი, გუდრონი, ბიტუმი და ა.შ. ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლიდან დაიწყებს. მშენებლობის I ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობა 5 მლნ აშშ დოლარია. ფონდი პროექტის დაფინანსებაში სინდიცირებული სესხის სახით მონაწილეობს, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებთან ერთად.

აღსანიშნია, რომ 2026 წლის ბოლოს, საწარმოს სიმძლავრე დამატებით კიდევ 2,8 მილიონი ტონით გაიზრდება და წელიწადში ოთხ მილიონ ტონას მიაღწევს. 2028 წლის ბოლოს კი, საწარმოში უკვე სრულად იქნება დანერგილი პროექტით გათვალისწინებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სიღრმისეული გადამუშავების მაღალტექნოლოგიური პროცესები. საინვესტიციო პროექტის მიზანია მაღალი სტანდარტის ნავთობპროდუქტის წარმოება და ექსპორტზე გატანა.

ყულევში ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ,,საქართველოს განვითარების ფონდის" მხრიდან ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა ესწრებოდნენ.

გამოგვყევით