logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოში მოქმედ კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ეწურებათ

საქართველოში მოქმედ კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ეწურებათ. ბიზნესმა გასული წლის  ფინანსური მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია პირველ ოქტომბრამდე უნდა გამოაქვეყნოს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  დინამიკა აჩვენებს, რომ  მაღალი ზომითი კატეგორიების საწარმოთა დაახლოებით 94-95% ყოველწლიურად წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმოებში წარდგენის საშუალო მაჩვენებელი 74-75%-ს შეადგენს. სპეციალისტების შეფასებით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის კუთხით ვითარება წლიდან წლამდე უმჯობესდება.

„კრესტონ პაპიაშვილის“ მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, ცნობადობის ნაკლებობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში.

„გამოწვევებზე რომ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, არის ცნობიერების დონის ამაღლება, ერთის მხრივ ადამიანებმა გაიაზრონ რომ ეს საქმე მათთვისაც სასარგებლოა. ამასთან, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან  აქ არ არის საუბარი დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვაზე. ბიზნესის წარმომადგენლებმა  საკმარისი რესურსები უნდა გამოყონ იმისთვის, რომ  მინიმალური სტანდარტები მაინც რომ დააკმაყოფილონ,“- აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მსხვილი კომპანიებისთვის, ანუ იმ საწარმოებისთვის რომლებიც პირველ და მეორე ზომით კატეგორიაში ხვდებიან, აუდიტორული დასკვნების მომზადება და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად ზრდის. რაც ბუნებრივია დადებითად აისახება როგორც ინვესტორების მოზიდვის კუთხით, ასევე ამარტივებს კომპანიებისთვის  საბანკო სექტორიდან დაფინანსების მოძიებას.

„ნებისმიერი საერთაშორისო ინვესტორი, სანამ კომპანიაში ინვესტირებას გადაწყვეტს,  პირველ რიგში, სწორედ ფინანსურ ანგარიშგებას მოითხოვს, თუნდაც ის არ იყოს აუდირებული. თუ დიდ ინვესტიციაზეა საუბარი, იქ აუდიტის საჭიროებაც გაჩნდება,“-აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.

ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციას, მათ შორის, წერილობით გაფრთხილებას, ფულად ჯარიმასა და ორმაგი ოდენობის ფულად ჯარიმას.

გამოგვყევით