logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია"

მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია"

1776428600

ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.  ფორუმის დისკუსიის  თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს  სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-წლიანი სტრატეგია  ეფუძნება კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას. ვისაუბრეთ 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.

ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და 'საქართველოს ბანკის' გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

გამოგვყევით