logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტის განხორციელებაში შესაძლოა, ბულგარეთიც ჩაერთოს - ჯუბო ტურაშვილი

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტის განხორციელებაში შესაძლოა, ბულგარეთიც ჩაერთოს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა, პროექტში ჩართვის სურვილი სხვა არაერთმა სახელმწიფომაც გამოთქვა.

„შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამ პროექტის ნაწილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბულგარეთის დაინტერესება. ერთ-ერთ მინისტერიალზე მხარეების მიერ უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ბულგარეთი დიდი ალბათობით,მემორანდუმს დაემატება “,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე განმარტებით, "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტი ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის უნდა შევიდეს.

„ეს პროექტი არის ჩვენი ჯანსაღი ამბიცია. გვაქვს არაერთი საზომი ამ პროექტის წარმატების შესახებ. თუმცა, გენერაციის ობიექტების ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათთან. "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი" არის მაღალი ძაბვის ქსელური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს  ევროკავშირს დააკავშირებს.  ეს პროექტი რომ წარმატებული იყოს აუცილებელია განვავითაროთ ადგილობრივი გენერაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ ელექტროენერგიის გამტარი იქნება“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტის განვითარების მიზნით,რამდენიმე დღის წინ რუმინეთში  შვილობილი კომპანია დაფუძნდა.

„როგორც იცით, ეს პროექტი არის საქართველოს ინიციატივა. აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი შეუერთდა ჩვენს ინიციატივას, მივედით კონკრეტულ ნაბიჯებამდე და იმისთვის რომ, პარტნიორ სახელმწიფოებს ჰქონოდათ საშუალება კონტრიბუციები განეხორციელებინათ, პროექტის განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილი იქნებოდა ერთი კონკრეტული საწარმოს დაფუძნება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,  რომ შვილობილი კომპანია  არა საქართველოში, არა აზერბაიჯანში, არამედ რუმინეთში დაფუძნებულიყო. ამით კიდევ ერთხელ  ხაზი გავუსვით იმას, რომ არ არსებობს ხელშემშლელი გარემოება  ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე განმარტებით, მსოფლიო ბანკმა 2-3 თვის წინ  "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის"  პროექტის განვითარების მიზნით 35 მლნ ლარი გამოყო.

"ჩვენ დასრულებული გვაქვს თითქმის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება  შავი ზღვის ფსკერის შესწავლის მიზნით. პირველ რიგში საქართველო-რუმინეთის ფსკერის შესწავლა იგეგმება.როგორც კი შესწავლა დასრულდება, პროექტი  მშენებლობისთვის მზად იქნება“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

გამოგვყევით