ნებისმიერი რისკი - ეს იქნება მაღალინფლაციური სცენარი, დაბალინფლაციური სცენარი, თუ ჩვენი ცენტრალური სცენარი, თუკი მატერიალიზდება, ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის. როგორი სცენარიც არ უნდა განვითარდეს თითოეულ რისკს ადეკვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პოდკასტში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ინფლაციური მოლოდინების მართვა და ფასების სტაბილურობაა.
"გვაქვს, რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი, არამედ გლობალურად არაპორგნოზირებადობის ხარისხი გაზრდილია. ჩვენ ვხედავთ ტარიფების ომს, ჩვენ ვხედავთ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას, გეოპოლიტიკურ მიმდინარე კონფლიქტებს, თუ ახალ კერებს, რომელიც შესაძლოა გაღვივდეს, საქართველო იმყოფება შუა დერეფანში, რაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, მიმზიდველია და ლოგისტიკის და ტრანსპორტირების განვითარების საშუალებას იძლევა, თუმცა მეორეს მხრივ მოწყვლადები ვართ სხვადასხვა რეგიონალური შოკების მიმართ. ასეთ დროს მონეტარული პოლიტიკის გონივრულობა ერთი ათად ფასობს, რადგან ძალიან რთული გახდა ტრადიციული გზებით პროგნოზების დასახვა, რაც ადრე იყო. ახლა მოლოდინებიც და სურათიც არეულია, რადგან ბაზრები ძალიან ცვალებადია და სხვადასხვა პოლიტიკოსის გამონათქვამზე რეაგირებს.
შესაბამისად, ჩვენც იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკის გონივრულობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ საშუალოვადიანი ინფლაციური მოლოდინები - შევცვალეთ და დავხვეწეთ ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია, რაც მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და გადავედით სცენარებზე დაფუძნებულ პროგნოზებზე. ნებისმიერი რისკი - ეს იქნება მაღალინფლაციური სცენარი, დაბალინფლაციური სცენარი, თუ ჩვენი ცენტრალური სცენარი, თუკი მატერიალიზდება ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის. როგორი სცენარიც არ უნდა განვითარდეს თითოეულ რისკს ადეკვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ. ეს აძლიერებს ნდობას ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მიმართ და ბაზარი, მათ შორის, საფინანსო სექტორი, რეალური ეკონომიკის ბიზნესი თუ მოსახლეობა, დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის და შეიარაღებული იმისთვის, რომ საშუალო ვადაში ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს და მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს უზრუნველყოს ინფლაციის დინამიკა.
იცით, რომ ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი ეს არის ზემოქმედება პროცენტზე და ამ თვალსაზრისით შეიძლება ბევრი კრიტიკა გვხვდება, რადგან პროცენტი მაღალიაო ამბობენ. თუმცა როდესაც ინფლაციური რისკებია და გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, ჩვენ არ გვაქვს უფლება უფრო მეტად ლიბერალურად მოვიქცეთ. თუ დავინახეთ, რომ მომდევნო თვეებში ჩვენი პროგნოზის მიხედვით ინფლაცია ქვევით წამოვა და მიზნობრივ 3%-ს დაუახლოვდება (წელს ვფიქრობთ, რომ 3.7% იქნება), მაშინ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის განკვეთის შემცირება. დღეს დღეობის საქართველოსთვის ნეიტრალური მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ია და მივუახლოვდებით ნელ-ნელა 7%-ს მაგრამ არ გვაქვს უფლება ზედმეტი ოპტიმიზმი გამოვიჩინოთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაციური მოლოდინების მართვა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება", - აცხადებს ნათია თურნავა.