გადავედით ახალ ფაზაზე, რომელიც სახელმწიფო საწარმოებში როგორც მმართველობითი სისტემის დახვეწას ასევე, ბაზარზე მათი პოზიციონირების მიმართულებით მუშაობას მოიცავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხელშესახები პროგრესია ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც უკვე შეჯერებულია.
"სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული რეფორმის საწყის ეტაპზე, რომელიც მოიცავდა, მათ შორის, ოპტიმიზაციის ნაწილს როგორც ხარჯებთან მიმართებაში, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. ჯამში რამდენიმე ასეული ლარი არის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ოპტიმიზაცია, თუმცა ეს არის რეფორმის ერთი ნაწილი.
კარგია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კომპეტენტური და გამოცდილი პარტნიორი გვყავს ისეთი როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფანდია. ჩვენ ფაქტობრივად განახლებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე გადავედით ახალ ფაზაზე, რომელიც მოიცავს როგორც მმართველობითი სისტემის დახვეწას სახელმწიფო საწარმოებში ასევე, ბაზარზე მათი პოზიციონირების მიმართულებით მუშაობას.
ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის თითქმის 99% არის განხორციელებული - ეს არის სახელმწიფო საწარმოებზე ფისკალური ზედამხედველობის ნაწილი, რაც გარანტიას იძლევა, რომ სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ფისკალური რისკები არ წარმოექმნება სახელმწიფო ბიუჯეტს", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული რეფორმა იქნება.