დღეს იპოთეკურ სესხებში ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პირველადი შენატანია. ფაქტობრივად, ბაზარმა დანაზოგიანი მომხმარებლების რესურსი ამოწურა, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Lemons Group-ის დამფუძნებელმა ირინე მელიმონაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ წინასწარი შენატანის შემცირება არ იქნება საკმარისი - აუცილებელია, დეველოპერებს ჰქონდეთ იაფი და მარტივი სესხების შესაძლებლობა.
"სამშენებლო ინდუსტრიის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 10%-მდეა, ამიტომ მნიშვნელოვანია შემსუბუქებული რეგულაციები ბანკების მხრიდან და ბანკების მხარდაჭერა უშუალოდ მყიდველებისთვის. თუ ეროვნული ბანკის მხრიდან შეზღუდვა მოხსნილი იქნება, რომ თანადაფინანსება არ იყოს 20-30% და გაცილებით მსუბუქი ციფრები მოისმინონ მომხმარებლებმა - ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორში ეკონომიკურ წილს და მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ქონების ყიდვის პროცესს. სამშენებლო კომპანიები ბოლო პერიოდში ბანკების კონკურენტები გახდნენ და ალბათ, დროულია ამ აქტივობის წამოწევა. მხოლოდ წინასწარი შენატანის შემცირება წაახალისებს იმ ნაწილს, რომ გაყიდვები გაიზრდება, მაგრამ თუ მშენებლებს არ ექნებათ იაფი, ან მარტივი დეველოპერული სესხების საშუალება - ეს გააჩენს გადავადებულ მშენებლობებს და გაჭიანურებულ პროცესებს, რადგან დეველოპერის ანგარიშზე არ იქნება პირველადი თანხები. პირველი 6 თვე მშენებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ანგარიშზე თანხა არსებობდეს, ან მომხმარებლებისგან, ან საბანკო სექტორისგან.
ერთის მხრივ არსებობს მოთხოვნა, რომ შემცირდეს თანამონაწილეობა მომხმარებლების მხრიდან, შემცირდეს თანადაფინანსების წილი დეველოპერების მხრიდან და მეორეს მხრივ, იმდენი პროცესია და იმდენი საკითხია განსახილველი, რომ ალბათ, შესაბამისი დარგის პროფესიონალების მხრიდან ნამდვილად საჭიროა კრიზისების შეფასება", - აცხადებს ირინე მელიმონაძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დეველოპერული სექტორის დაკრედიტების რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე მიღებულია ორი ცვლილება: ავანსის მოთხოვნის შემცირების და იპოთეკური სესხის თანადაფინანსების მინიმალური ზღვრის გადახედვის სახით, ხოლო დამატებით ცვლილებებზე მუშაობა დეველოპერებთან მიმდინარეობს.