logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ IMF-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა

ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ IMF-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა

1775561882

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

მისიის ბოლოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, მოხარულია, რომ სსფ-ის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.

„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას.  მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-სთან მიმართებაში  2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის  100%-იან ზღვარს გადასცდა," - აღნიშნა ნათია თურნავა.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.

„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის  ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯოსებების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.

„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

გამოგვყევით