საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ფათიხ კარანთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე.
მხარეებმა ისაუბრეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების გზებზე, რაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, საგადახდო სისტემებსა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას მოიცავს.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პირველმა პირებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს საზედამხედველო მიდგომებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ყურადღება დაეთმო თურქეთის გამოცდილებას მყისიერი გადახდების სისტემისა და QR კოდების სტანდარტის დანერგვის კუთხით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ ბანკს ესტუმრებიან.