logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქსელურ მარკეტებს ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ გვირჩევნია პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ - "კულა"

ქსელურ მარკეტებს ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ გვირჩევნია პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, - ამის შესახებ  საკონსერვო წარმოება "კულას" დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, არსებული პრობლემა ბიზნესებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ჩართულობით უნდა გადაიჭრას. 

"ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არის, თუმცა ქსელური მარკეტების მხრიდან ისეთი მოთხოვნებია, რომ თავს ვიკავებთ ხოლმე. ჩვენ თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში ვართ წარმოდგენილი, თუმცა რამდენიმე მათგანში აღარ შევდივართ. აღნიშნული პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს, მწარმოებლების და ქსელური მარკეტების ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს. მირჩევნია ექსპორტზე გავიტანო, ვიდრე სახვეწარი მქონდეს. 

ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 10-12%-ით გაიზარდა", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "კულას" პროდუქციის 70% ექსპორტზე იყიდება და კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანის მაღალ ხარჯებზე "ბიზნესპარტნიორთან" არა ერთი კომპანია საუბრობს. მათ შორის, "ჩირჩხელა", "ქართული თემა" და სხვა. 

ბიზნესების წარმომადგენლების შეფასებით, უნდა დაწესდეს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც ქსელურ მარკეტებს პროცენტის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.

რაც შეეხება "კულას" - კომპანია ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. ის 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას"  5 საწარმო აქვს. აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია, დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით