"კულა" სინგაპურის, მალაიზიისა და იაპონიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება, - ამის შესახებ საკონსერვო წარმოება "კულას" დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ექსპორტი სამივე ქვეყანაში განხორციელდება.
"ვემზადებით, ფასების მონიტორინგს ვაკეთებთ და ეტიკეტების დამუშავება ხდება. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების კუთხით სინგაპურთან და მალაიზიასთან უფრო წინ ვართ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს პროდუქციაზე სამივე ქვეყანაში მაღალი ინტერესი იქნება. საწყის ეტაპზე წვენებისა და ტყემლების გატანას ვგეგმავთ.
ამ ეტაპზე, ექსპორტზე, დაახლოებით, 28 ქვეყანაში გავდივართ და ჩვენი წარმოების 70% სწორედ უცხოურ ბაზრებზე იყიდება", - აცხადებს ვანო გოგლიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - "კულას" დამფუძნებლის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 12%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა" ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.