ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შუა დერეფნისთვის ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. - ამის შესახებ ლევან სულაბერიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ტარიფი, დამატებითი სერვისები და კარგი ინფრასტრუქტურა იქნება ტვირთის მოზიდვის საშუალება.
“დღეს ყაზახეთის და უზბეკეთის ექსპორტს უდგას კონტეინერიზაციის პრობლემები და ამოცანები. აქ არის ეს რესურსი, აქ უნდა შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი ექსპორტის ჩამოტანის და კონტეინერიზაციის საშუალებას. ერთია, როდესაც კონტეინერი შემოვა და გავატარებთ, თუმცა მეორეა, როდესაც შეიქმნება დამატებითი სერვისები და მივიღებთ ბევრად მეტ შემოსავალს.
ბიზნესი ცდილობს მისმა ტვირთმა იმოძრაოს უკვე გავლილი გზით, შეგუებულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი მზად უნდა იყოს ამისთვის. 4-5 წელში, მაგისტრალური გადაზიდვები იმ დონეზე უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევძლოთ და რაც მთავარია, სპეციალური საცავები, საწყობები, ხორბლის საცავები, საკონტეინერო მოედნები და ა.შ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩვენი სასურსათო უსაფრთხოების მდგენელიც შეიძლება გახდეს. მაგალითად, როდესაც ყაზახური ხორბლის დასაწყობება იქნება შესაძლებელი, თუნდაც ტრანზიტულის, ეს იქნება ჩვენთვის უსაფრთხოების ბალიში,”- ამბობს ლევან სულაბერიძე.
მან ასევე ფოთის პორტზე და ანაკლიის პორტის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
“შარშანდელი სტატისტიკით, ფოთის ნავსადგურში 300 ათასი კონტეინერის გადაზიდვა მოხდა. აქედან 38% ცარიელი იყო, 50-60 ათასი კონტეინერი იყო ავტომობილების, რომელიც დერეფნის ტვირთში არ ითვლება, ხოლო დერეფნის ტვირთი დარჩა 40%, საერთო ტვირთბრუნვიდან. სხვადასხვა კვლევით, მიმდებარე სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ძლივს აუდის ამ პროცესებს. ჩვენ ვაშენებთ ანაკლიას, სადაც საკონტეინერო ტვირთბრუნვა 600 ათასი ცალი კონტეინერი უნდა იყოს. თუ ჩვენ ფოთსაც განვავითარებთ, რკინიგზაზე დაწოლა დაახლოებით 6-7-ჯერ გაიზრდება. აქ უკვე მაგისტრალური გადაზიდვების პრობლემაც დადგება თუ რკინიგზის მოდერნიზაციას არ დავიწყებთ. ნავსადგური ძალიან კარგია, მაგრამ მის ირგვლივ ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ მხოლოდ საქმის 10%-ია გაკეთებული.” - ამბობს ლევან სულაბერიძე.