საქართველოში CARFAX-ის ანალოგი - აპლიკაცია JAVIC-ი გამოჩნდა. როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა ვატო ფაჩულიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს და გარკვეული სერვისები ეტაპობრივად დაემატება.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა როგორც App Store-დან, ისე Play Store-დან შეუძლიათ.
"აპლიკაცია, დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაიხვეწება. ვგეგმავთ, რომ აპლიკაციაში ჯარიმების, ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდგომი ელექტრონული ისტორია და ყველა ის სერვისი დაემატება, რაც ავტომობილის მფლობელს სჭირდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ მარტივად გაყიდოს და იყიდოს მანქანა. მომხმარებელს ამ ეტაპზე ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია, რომ ამერიკული CARFAX-ი შეიძინოს, ასევე, VIN კოდით ავტომობილის მდგომარეობა, ისტორია და ფოტოები ნახოს. ერთჯერადი შემოწმების ღირებულება 16 ლარს შეადგენს, რაც საქართველოს ბაზარზე ყველაზე დაბალია. გარდა ამისა, აპლიკაციაში ინტერაქციული რუკაა ჩაშენებული. მათ შორის, 24-საათიანი ავტო სერვისების, ბენზინგასამართი სადგურების, საწვავის ფასების, ელექტრო მანქანების დამტენების რუკა და ა.შ.
გვაქვს მოლოდინი, რომ აპლიკაციის მიმართ ინტერესი მაღალი იქნება. ჩვენ ამ ეტაპზე, რამდენიმე ავტო სერვისთან მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან ავტომობილების დასერვისების კუთხით მხარდაჭერას მივიღებთ. გარდა ამისა, გვყავს მომხმარებლები, რომლებიც ელოდებიან, რომ ჩვენი აპლიკაციის აქტიურ მოხმარებაზე გადავიდნენ", - აცხადებს ვატო ფაჩულია.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, JAVIC-ი აქტიურად ითანამშრომლებს ისეთი პროფილის კომპანიებთან, როგორებიც არის - ავტო სერვისის მომწოდებელი კომპანიები, ავტო სალონები და სადაზღვევო კომპანიები. მანვე აღნიშნა, რომ სტარტაპი საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ, 2026 წლიდან მუშაობას უცხოური ბაზრების მიმართულებით დაიწყებს.
გარდა ამისა, ვატო ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ავტო ბიზნესი მზარდი ინდუსტრიაა და ამ კუთხით საქართველო, საკუთარი ავტომობილების წარმოების გარეშე, რეგიონალური ჰაბის სტატუსს ინარჩუნებს.
ცნობისთვის, სტარტაპი JAVIC საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. მომხმარებლებს JAVIC-ის სერვისებით სარგებლობა როგორც ვებგვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ.