„ბაზისბანკის და ლიბერთის შერწყმის შემდეგ, ეს ბანკი ზომით მესამე ბანკი გახდება და გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ კონკურენციაში შევიდეს არა მთლიანად, არამედ კონკრეტულ ნიშაში და უფრო მსხვილი სესხები და უფრო მსხვილი ფინანსური რესურსი შესთავაზოს ქართულ ბიზნესს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი, კონკურენციის თვალსაზრისით, ბაზისბანკისა და ლიბერთის შერწყმას დადებითად აფასებს.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის საკმარისი ფინანსური რესურსის მობილიზება მსხვილი ბიზნესისთვის, მსხვილი პროექტებისთვის. მესამე და მეოთხე ბანკი შეერწყა და ჩვენი ვარაუდია, რომ ბაზრის დაახლოებით 10% იქნება აქ კონცენტრირებული და ეს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს, რომ როგორც ცალკე სესხები აიღოს აქედან, ასევე სინდიცირებული, ანუ გაერთიანებული სესხები რომელიმე სხვა ბანკთან, არ არის აუცილებელი მსხვილი ბანკი იყოს მაინც და მაინც ამის მონაწილე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკურენცია გაჩნდება. უფრო მეტიც, ეს ჩვენი მოთხოვნაც არის, ამ პირობით დავამტკიცეთ ჩვენ ეს გარიგება, რომ ეს ახალი, გაერთიანებული ბანკი იქნება გაცილებით მეტად პრაქტიკული ვიდრე აქამდე იყო და უფრო სწრაფად გაზრდის თავის პორტფელს, რაც თავისთავად კონკურენციას ნიშნავს. აქტიურობა კი ნიშნავს, რომ მიმზიდველი პირობა შესთავაზონ მომხმარებელს. მათ შორის, ეს სესხის უფრო მიმზიდველ პროცენტსაც ნიშნავს - ცოტა ნაკლები მარჟა და მომგებიანობა და უფრო მეტად ორიენტირება პორტფელის ზრდაზე. ეს უბიძგებს მსხვილ ბანკებსაც, რომ მათაც უფრო მიმზიდველი პირობები შესთავაზონ ბაზარს,"-აცხადებს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი.
ნათია თურნავას შეფასებით, გაერთიანებული ბანკი, ასევე, არაჩვეულებრივი პლატფორმაა, რომ მომავალში მეტი ინვესტიცია იყოს შიგნით ჩადებული, ზრდის თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, ეროვნულ ბანკს ეს მოლოდინიც აქვს.
ცნობისთვის, ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა. ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას. ლიბერთი ბანკი კი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.