logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველო საჩვენებელ მაგალითად გვინდა გამოვიყენოთ EBRD-ის შიდა და  გარე ბაზრებზე" - ინტერვიუ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელთან

რა როლს ასრულებენ საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ეროვნული ბანკი და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან  EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა ისაუბრა: 

  • ბატონო აქსელ, EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში ხაზგასმულია, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით, რომელმაც მიუხედავად წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია. რომელია ის კონკრეტული სექტორები, სადაც საქართველოს განსაკუთრებულ წარმატებაზე შეგვიძლია საუბარი და რაში გამოიხატება მიღწეული შედეგები?

ვფიქრობ, საუბარი უნდა დავიწყოთ ძველი სკოლით, დასაწყისში ვახსენოთ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო. მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდელირება და ის რეფორმა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ასევე, საზოგადოებასთან კომუნიკაციამ,  დიდი გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაჩენასა და გამყარებაზე. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ელემენტს,  ჩვენ ბევრს ვმუშაობდით იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა მიგვეღო სწორი სახის ფინანსური პროდუქტები რეალური ეკონომიკისთვის, დაწყებული საბანკო სისტემიდან, რაც ძალიან სასარგებლოა. მაგალითისთვის გამოდგება დერივატივების კანონი, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფილი ბონდების კანონის რეფორმას. თქვენ იცით, რომ ეს არის კომპლექსური კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი და ფინანსური სისტემისთვის ისინი აბსოლუტურად გადამწყვეტ როლს თამაშობს. პრინციპში, ეს არის, ის ორი საკვანძო საკითხი, რასაც მე განსაკუთრებულად გამოვყოფდი.

ძირითადი შედეგი კი, რაც საქართველოში მუშაობის 15 წლის მანძილზე დავინახეთ, ეს არის განგრძობადობა და მუდმივობა. უწყვეტი მუშაობა, როგორც სებ-ის გუნდთან ასევე კომერციულ ბანკებთან, ღია კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის საბანკო სისტემას შორის. რა ხდის EBRD-ის განსხვავებულს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა და პოლიტიკის მრჩევლის რანგში მუშაობა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი მეტი წარმატებისთვის და შედეგებიც სახეზეა.

  • საინტერესოა როგორ აფასებს EBRD ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ინსტრუმენტების შინაარსს და შედეგებს რაც ხელშესახებია?

თუ გავიხსენებთ საწყის წერტილს, როდესაც 2010 წელს საქართველოში პირველად ჩამოვედი,  საუბარიც კი რთული იყო იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, მაშინ როცა ამ დროისთვის ეროვნული ბანკი სრულფასოვნად ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. აქედან გამომდინარე, აქცენტი კეთდება შიდა ფასების სტაბილურობაზე, მაგრამ ეს აღარ არის დომინანტური ელემენტი, რაც ჩვენი გადმოსახედიდან რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თქვენი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს მათი შიდა ფასების სტაბილურობაზე, თუ რისი შეძენა შეუძლიათ ლარით, ნაცვლად ეფექტური გაცვლითი კურსის ყურებისა. ეფექტები, ევროპული თვალსაზრისით და ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ რიცხვებია. მთავარია, თქვენი ადგილობრივი ვალუტით შეგეძლოთ შესყიდვა იმის, რასაც ყოველთვის ყიდულობდით, - ეს არის ის, რაზედაც თქვენ უნდა იზრუნოთ. ხოლო, იმის განხორციელება, რაც ბოლო 10-15 წლის მანძილზე მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო.

  • თქვენი შეფასებით, რამდენად გამოადგება EBRD-ის ქართული გამოცდილება სხვა ქვეყნებში ფინანსური ბაზრების განვითარების პროცესში და რამდენად ნაცადია ეს პრაქტიკა?

ნაწილობრივ სწორედ ამის გამოც დავწერეთ რეტროსპექტივა, რადგან საქართველო საჩვენებელ მაგალითად გვინდა გამოვიყენოთ EBRD-ის შიდა და  გარე ბაზრებზე.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დაახლოებით 10-დან 15 ქვეყანაში და მათ ფინანსური სისტემის განვითარებაში ვეხმარებით. EBRD-ის ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავა ხედვა, რომელიც უნიკალურია. საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია. იმიტომ, რომ საქართველოს, ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას, თითქმის არ უნდა შეძლებოდა იმის გაკეთება, რასაც მიაღწია. ის, რაც საქართველომ გააკეთა აბსოლუტურად უმაღლესი კლასია. ასე რომ, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ფანტასტიკური შუქურა, რომელიც შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოს ვაჩვენოთ  და ადამიანები შთავაგონოთ, რას შეიძლება მიაღწიო, როცა გჯერა და გულმოდგინედ მიჰყვები ფინანსური სისტემის გაუმჯობესების მიზანს.

  • როგორია EBRD-ის გუნდის ხედვა და რეკომენდაციები, საქართველოსთვის გლობალურად ტურბულენტურ ფინანსურ ეპოქაში განვითარების ტემპის შენარჩუნებისა და მეტი წარმატებისთვის?

ერთ-ერთმა ელემენტმა, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ იმუშავა და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ლარიზაციის პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. საქართველოში დედოლარიზაციის პროცესი ნიშნავს მის არა თუ სისტემიდან სრულად გაყვანას, არამედ  დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც საუკეთესო თავდაცვის მექანიზმია ნებისმიერი სახის გარე შოკის წინააღმდეგ. ამიტომ, ეს ის ელემენტია, რომელზედაც აუცილებლად უნდა გააგრძელოთ მუშაობა. მეორე საკითხი, რომელსაც დიდ დროს ვუთმობთ, არის ის თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, ადგილობრივ საბანკო სისტემაში ბალანსების მართვის პროცესი.  ქართულმა ბანკებმა უკეთესად უნდა მართონ ბალანსები, რათა სესხის გაცემა საბოლოო მსესხებლისთვის ყველაზე მისაღები პირობებით და ფორმით შეძლონ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

  •  ვისაუბრეთ ხედვებზე, რას გვეტყვით EBRD-ის  ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების საქმეში ჩართულობისა და შემდგომი მხარდაჭერის გეგმებზე?

ერთი რამ რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ. მაგრამ სულაც არ გვაქვს გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დასახული სტრატეგია არის შევხედოთ კონკრეტულ მომენტში არსებულ სიტუაციას, გავაანალიზოთ საჭიროებები და სისტემის  უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, ამის მიხედვით დავსახოთ შემდეგი ნაბიჯები. ჩვენთვის ახლა, მნიშვნელოვანი ნაწილია რეალური აქტიური დერივატივების ბაზრის განვითარება. თქვენ უნდა გქონდეთ ბანკები, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ ვალუტაში უფრო გრძელი ვადით, ფიქსირებული განაკვეთებით გაასესხონ თანხები. ხოლო იმედი იმისა, რომ ამის უკან იდგება  ბანკების და საფინანსო სისტემის შესაძლებლობა, დააფინანსოს მეტი ისე, რომ არ ჰქონდეს დიდი სადეპოზიტო ბაზა, სავსებით რეალურია. ფინანსურ სისტემაში არსებობს რესურსი,  ეკონომიკის მეტად დაკრედიტების შესაძლებლობის შესაქმნელად, რაც ძალიან სასარგებლო იქნება მთლიანად საქართველოსთვის. ასე რომ, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, ეს ჩვენი საბოლოო მიზანია. მისი პირველი ელემენტი, რაზეც ძალისხმევის კონცენტრაციას ვაკეთებთ, დერივატივების ბაზარია. ყველა საფუძველი შევქმენით და ახლა ბანკები უნდა დავაწიოთ ამ სისწრაფეს, რომ რეალურად შეძლონ მისი გამოყენება.

  • მხარდამჭერი მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას რა მიმართულებით ხედავთ?

თუ უწყვეტად ვიფიქრებთ, რისი მიღწევა გვინდა - ესაა რომ ლარითაც იმავეს გაკეთება შეგვეძლოს, რაც ევროთი შეიძლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ ქართულმა ბანკებმა შეძლონ - დაკრედიტება ადგილობრივი ვალუტით ისე, როგორც ამას გავაკეთებდით დოლარის ან ევროს შემთხვევაში.

სებ-ში მუდმივი გუნდის არსებობა ძალიან სასარგებლოა, მათთან 15 წელია ისე ვმუშაობთ, რომ აუცილებელი არაა გრანდიოზული სტრატეგიის დაწერა. საკმარისი რწმენა გვაქვს ერთმანეთის შესაძლებლობებში და ცვლილებების სურვილში. შეგვიძლია ერთ ჯერზე ერთი პრობლემა ავიღოთ და ვიცოდეთ რომ ყველა სწორი მიმართულებით წავა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მუდმივობის განცდა და თვით ინტერესი, შემიძლია გითხრათ რომ EBRD-ის და საქართველოს ერთი და იგივე ამოცანა აქვს.

გამოგვყევით