logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქსელურ მარკეტებში შეღწევა მცირე ბიზნესებისთვის თითქმის შეუძლებელია" - Kona Tea

ქსელურ მარკეტებში შეღწევა მცირე ბიზნესებისთვის თითქმის შეუძლებელია, რადგან ის პირობები და ფასები, რასაც ისინი გვთავაზობენ არასერიოზული და არარეალურია, - ამის შესახებ ჩაისა და ბალახეული კომპოზიციების მაღაზია Kona Tea-ს დამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს როლი და მხარდაჭერა მცირე ბიზნესების განვითარებაში მთავარი და უმნიშვნელოვანესია. 

"ქართული ჩაის ხარისხი გაუმჯობესდა, რის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის,დაბალია  პროდუქტზე  ხელმისაწვდომობაც.  თბილისში სულ რამდენიმე წერტილია, სადაც მომხმარებელს ქართული ჩაის შეძენა შეუძლია. ნებისმიერი პატარა ბრენდისთვის და მათ შორის, ჩვენთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ გადარჩე.  სარეალიზაციო ქსელებში  იმპორტირებულ და საქართველოში წარმოებულ პროდუქტს შორისარათანაბარი თამაშის წესებია ", - აცხადებს ნატალია ფარცხალაძე. 

Kona Tea-ს დამფუძნებლის თქმით, მათი მომხმარებლები არიან როგორც უცხოელები, ისე ქართველები. 

"ნედლეულს სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან ვიღებთ. ჩაი იწარმოება გურიაში, ხოლო ბალახეული სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ კი შეფუთვას, კომპოზიციების "კუპაჟირებას" და რეალიზაციას ვახდენთ. გვაქვს ქართული ჩაის ძალიან ფართო არჩევანი. გარდა ამისა, ბალახეული - იმუნიტეტისთვის, ძილისთვის, და სხვა. ჩვენი მომხმარებლები არიან ჩაის მოყვარულები, როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ჩაის მოყვარულებს ვფიქრობთ, რომ ბაზარზე დიდი არჩევანი არ აქვთ. ჩვენი ნიშა არის სწორედ, ის, რომ "კონა" მომხმარებლებს ქართული ჩაის საინტერესო ასორტიმენტს და განსხვავებულ პრეზენტაციას სთავაზობს. ჩვენს პროდუქციას ხშირად სასაჩუქრედაც ყიდულობენ", - აღნიშნა ნატალია ფარცხალაძემ.  

ცნობისთვის, Kona Tea "ბაზარი ორბელიანზე" მდებარეობს.კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებლებს სხვადასხვა დასახელების ჩაის და ბალახეულის კომპოზიციებს სთავაზობს.

გამოგვყევით