logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა ინდექსებისა და ბენჩმარკების წამყვან გლობალურ პროვაიდერთან თანამშრომლობით კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ვებინარს უმასპინძლა

სებ-მა ინდექსებისა და ბენჩმარკების წამყვან გლობალურ პროვაიდერთან თანამშრომლობით კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ვებინარს უმასპინძლა

1733838386

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა FTSE Russell-თან თანამშრომლობით ინდექსების თემისადმი მიძღვნილ ვებინარს უმასპინძლა. FTSE Russell-ი ინდექსებისა და ბენჩმარკების გადაწყვეტების  გლობალური პროვაიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (LSEG) ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ღონისძიებაში საბროკერო ფირმების, საინვესტიციო ფონდების, საპენსიო სააგენტოსა და ბაზრის სხვა მონაწილეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთაც ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების როლსა და მათი შექმნის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ინდექსების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს  კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და მისი მონაწილეების გამოცდილების გაღრმავებას. მისი თქმით, FTSE Russell-თან თანამშრომლობით ჩატარებული ვებინარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის მონაწილეების ცოდნის ამაღლებასა და ამ ინსტრუმენტებით მუშაობაში.

„ფინანსური ბაზრების განვითარების ეპოქაში, ინდექსების შექმნისა და გამოყენების შესახებ ცოდნა აუცილებელია გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ვებინარზე მოხსენებით გამოვიდა FTSE Russell-ის ინდექსის პოლიტიკის გლობალური ხელმძღვანელი დევიდ სოლი, რომელმაც ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების მნიშვნელობა, მათი აგებულება, გაანგარიშების მეთოდოლოგიები და ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტაცია მიმოიხილა. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო სტრატეგიებში ინდექსების მრავალფეროვან გამოყენებაზე და საქართველოს ბაზრის მონაწილეებს პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ბოლოს სებ-მა და FTSE Russell-მა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

გამოგვყევით