logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"წელიწადნახევრის თავზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ₾508 მლნ-ის ემისიას ბაზარზე" - ირაკლი გაბრიაძე

"წელიწადნახევრის თავზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ 508 მილიონი ლარის ემისიას ბაზარზე, ეს მოხდა 9 კომპანიის მიერ 15 ემისიის ფარგლებში, ასევე აღსანიშნავია, რომ 9 კომპანიიდან 4 არის პირველადი ემიტენტი, რაც ნიშნავს რომ პირველად განათავსა ფასიანი ქაღალდები ბაზარზე”- ამის შესახებ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა, სადაც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის სქემა ისეა შემუშავებული, რომ უფრო მეტ სარგებელს პატარა კომპანიას აძლევს, მაგალითად,  20 მილიონ ლარზე ქვემოთ ბრუნვის მქონე კომპანიას შეუძლია გაზრდილი თანადაფინანსება მიიღოს, რადგან მას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

"სქემა არის შემდეგი: კომპანიას, რომელსაც 200 მილიონ ლარზე ქვევით შემოსავალი აქვს, მას შეუძლია მოგვმართოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილით. პროგრამას 2 კომპონენტი აქვს, ეს არის საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული თანადაფინანსება და ბროკერის საკომისიოს თანადაფინანსება. ჩვენ უკვე 4 კომპანიასთან ვპარტნიორობთ, ვგულისხმობ ბროკერებს, სადაც ვამისამართებთ განაცხადს, ისინი განიხილავენ და წარმოადგენენ პირველად დასკვნას, კომპანია შეძლებს თუ არა გამოუშვას ობლიგაცია. ამის შემდეგ მიდის გამოშვებისა და განთავსების პროცესი”,- ამბობს ირაკლი გაბრიაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება მრავალწახნაგოვანია, თუმცა სასესხო ფასიანი ქაღალდები ალბათ არის პირველი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად ვითარდება კაპიტალის ბაზარი.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლიდან ამოქმედდა და ბიზნესს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობები.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებაში ეხმარება.

პროგრამის ფარგლებში 2028 წლამდე დაგეგმილია 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება მოახდინოს. 2026 წლიდან ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას და კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებას.

გამოგვყევით