20 ივნისს, 19:00 საათზე, ახალ მისამართზე (გ. ჟვანიას #2), გოთუას სამედიცინო ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
გოთუას სამედიცინო ცენტრი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მრავალწლიანი საქმიანობისა და განვითარების ახალი ეტაპია. 27 წლის განმავლობაში დაგროვილმა კლინიკურმა გამოცდილებამ და უწყვეტმა პროფესიულმა განვითარებამ ცენტრი რეგიონის ერთ-ერთ წამყვან და რეფერენსულ დაწესებულებად აქცია.
წლების განმავლობაში დაგროვილი ეს გამოცდილება, პაციენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და სამედიცინო სფეროში მიღწეული შედეგები საფუძვლად დაედო ახალ სახელწოდებას, რომელიც პატივს სცემს წარსულს და ამავდროულად გამოხატავს სამომავლო ხედვას.

მსოფლიო ტენდენციები ალერგოლოგიასა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით გვკარნახობს მულტიდისციპლინურ, ინტეგრირებულ მიდგომას. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება გოთუას სამედიცინო ცენტრის ხედვა: ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებსა და საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას, რათა პაციენტებს შესთავაზონ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკას შეესაბამება.
ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო სფეროს წამყვანი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.
