გერმანულმა Bayer AG-მ განაცხადა თანხმობა, ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Kumquat Biosciences Inc.-ს 1,3 მილიარდი დოლარი გადაუხადოს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნისა და თავისი ფარმაცევტული განყოფილების ზრდის პერსპექტივების გაუმჯობესებისთვის.
Bayer AG-ის საქმიანობა მოიცავს როგორც ფარმაცევტულ სფეროს, ისე ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი, არარეცეპტული პრეპარატებისა და პროდუქტების, ასევე სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი პროდუქციის (აგროქიმიკატები და სხვა) წარმოებას.
გერმანული კომპანია მონაწილეობას მიიღებს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის პრეპარატის შემუშავების დაფინანსებაში. საუბარია კიბოს რამდენიმე სახეობაზე, რომლებიც KRAS გენის მუტაციის შედეგად ვითარდება - მაგალითად, ესაა ფილტვის, პანკრეასის, კოლორექტული და სხვა სიმსივნეები.
Bayer-მა მცირე და საშუალო ზომის ტრანზაქციებს მიმართა, რადგან მისი ბესტსელერი პრეპარატები, Xarelto (სისხლის გამათხელებელი) და Eylea (თვალის წამალი) უფრო იაფი ანალოგების კონკურენციას აწყდებიან.
ოდესღაც გერმანული ინდუსტრიის სიმბოლოდ აღიარებული კომპანია, 2018 წელს Monsanto-ს შეძენის შემდეგ, სირთულეებს განიცდის, რის გამოც აქციებმა ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. წელს მან ამ დანაკარგების ნაწილი აღიდგინა და 33%-ით გაიზარდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბილ ანდერსონი კომპანიის რეანიმირებას ცდილობს, რომელიც აშშ-ში მასობრივ სასამართლო დავებშია ჩაფლული. დავები ეხება 63 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტებს, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ Monsanto-ს შეძენის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.
Bayer-ი თირკმლის წამლის Kerendia-სა და კიბოს წამლის Nubeqa-ს ზრდაზე ამყარებს იმედს, რათა თავიდან აიცილოს განყოფილების შემოსავლების შემცირება, რომელიც ათწლეულის ბოლო ნახევარში უფიქსირდება. ის ასევე ელოდება მოგების მიღებას ახალი თაობის უჯრედულ და გენურ თერაპიაში ინვესტიციებისგან.
jandacva.ge