ჩვენი მიზანია საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების კამპუსები დაარსდეს და ასევე, ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
ალექსანდრე წულაძე დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმზე იმყოფება და აღნიშნავს, რომ ბრიტანული უნივერსიტეტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს მიმართ დაინტერესებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
"მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ტარდება. შემიძლია ვთქვა, რომ წელს პირველად საქართველო იყო მიღების მასპინძელი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანული უნივერსიტეტების, ასევე ბიზნეს ასოციაციისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. აღნიშნული იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ბრიტანულ უნივერსიტეტებს და სასწავლო დაწესებულებებს, მათ შორის, ე.წ. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიებს მისცემოდათ საშუალება გასცნობოდნენ მათი პროდუქტების შემოტანის და ქართული ბაზრის შესაძლებლობების თაობაზე. შეიძლება ვთქვა, რომ ბრიტანული უნივერსიტეტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს მიმართ დაინტერესებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა", - აცხადებს მინისტრი.
მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და აღნიშნული დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქართველი ინვესტორებისთვის და ბიზნესმენებისთვის.
"შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული კომპანიები საქართველოში, კერძო სექტორში პარტნიორებს ეძებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული უმაღლესი განათლება მზად არის იმისთვის, რომ ტრანსნაციონალური განათლების მასპინძელი ქვეყანა გახდეს. კავკასიაში საქართველო უმაღლესი განათლების თვალსაზრისით რეგიონალური ჰაბია", - აცხადებს ალექსანდრე წულაძე.