logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების რუკებს მოამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების რუკებს მოამზადებს

1750240943

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის - ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის - გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკების შედგენას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება  საფრთხეების ზონირების რუკები.

აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.

მხარეებს შორის პირველ ონლაინ სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ენდრიუ კოსი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საფრთხეების რუკების შედგენისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდები და სხვა დეტალები.

პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ.

აღნიშნული პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი მუდმივად ახორციელებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზების, საფრთხეების ზონირების/დარაიონების, ასევე, სხვადასხვა თემატური გეოლოგიური რუკის შედგენა-განახლებას.

გამოგვყევით