საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას GCCA ავრცელებს.
"საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა, რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკითხი ეხებოდა შპს "ინტელექტ მარკეტის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს.
ინფორმაციისთვის: საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით,"- აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.