სავაჭრო პლატფორმაზე ელექტროენერგიის მიმწოდებლები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. თუ მარტში ბირჟაზე 1 800-ი მეგავატ საათი ელექტროენერგია გაიყიდა , აპრილში ეს მაჩვენებელი 17 ათასი მეგავატ საათი იყო. რაც შეეხება მიმდინარე თვეს, 22 მაისის ჩათვლით, ბირჟაზე 30 ათასი მეგავატ საათი ელექტროენერგიაა ნავაჭრი, მოლოდინია რომ ვაჭრობის ტემპი ივნისსა და ივლისშიც შენარჩუნდება.
ბირჟაზე ელექტროენერგიის საშუალო ფასი გასულ ორ თვეში 15.5 თეთრი იყო. მაისში ღირებულება თორმეტ ნახევარ თეთრაამდეა შემცირებული.
ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, დღეს პლატფორმას 2 ახალი კომპანია დაემატა. შესაბამისად, მთლიანობაში ბირჟაზე 23 ბაზრის მოთამაშე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ბირჟის სრულად ამოქმედებას, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. დაემატება თუ არა ენერგეტიკულ ბირჟას პირველი ივნისიდან საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნა.