logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ" - ნინო თანდილაშვილი

"მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ" - ნინო თანდილაშვილი

1770971520

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 1 აპრილიდან აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

მისი განმარტებით, რეგულაცია ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი გამოყენებისთვის ავტომობილის შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავენ. ახალი წესის თანახმად, 1 აპრილიდან ქვეყანაში დასარეგისტრირებელი მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას - არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი ასაკის და უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს. ევრო 5 სტანდარტი საქართველოში უკვე ორი წელია მოქმედებს და განსაზღვრავს ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმებს.

მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ, მათ შორის 1 აპრილის შემდეგაც, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუ ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი, ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ახალი შეზღუდვები არ ვრცელდება რეექსპორტზე; ავტომობილის გაყვანა და სხვა ქვეყანაში გაყიდვა კვლავ შესაძლებელი იქნება. ასევე, რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებიც უკვე ფლობენ უფრო ძველ ან დაბალი სტანდარტის ავტომობილებს.

ნინო თანდილაშვილმა რეგულაციის მიღების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება საქართველოში შემოყვანილი და რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც პირდაპირ აისახება ჰაერის ხარისხზე.

მხოლოდ თბილისში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 62% ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვზე მოდის. ქალაქის 13 სხვადასხვა პუნქტში, მათ შორის გზისპირებსა და სკვერებში, ვაკვირდებით ჰაერის ხარისხს და განსაკუთრებით პიკის საათებში ფიქსირდება მნიშვნელოვანი დაბინძურება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა მაგისტრალებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 146 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდაა. ავტომობილების საშუალო ასაკი 7-9 წელია და მათი უმეტესობა დიდ ქალაქებში კონცენტრირდება.

გამოგვყევით