"ინტერესი ყველასთვის საერთოა, მათ შორის Aqualia-სი, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ. Aqualia არ არის მხოლოდ ინვესტორი, ასევე არის ტექნოლოგიის მომწოდებელი და წყლის ოპერატორი. ჩვენ გვინდა, რომ დიდხანს დავრჩეთ იმ ქვეყნებში, სადაც პროექტებით შევდივართ",- ამის შესახებ, გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში, GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანი გაგება იმ გამოწვევებისა, რომელიც გაგვაჩნია.
"ყველას ესმის, რომ ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ წყლის სექტორში, არა მხოლოდ თბილისსა და რუსთავში, არამედ ზოგადად ქვეყანაში. მოძველებული ინფრასტრუქტურა რომ უნდა განახლდეს, ეს მგონი ყველასთვის გასაგებია. საჯარო და კერძო თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში 2022 წელს შემოვედით და ინვესტიციები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ არის ეტაპობრივი პროცესი. კომპანიას აქვს გრძელვადიანი ხედვა, რაც ნიშნავს, რომ გამოწვევები არ შეიძლება გადაწყდეს 1 ან 3 წელიწადში, ეს პროცესი მოითხოვს მუდმივ ინვესტიციებს. შესაბამისად, ის გაუმჯობესება, რასაც მივიღებთ მომსახურებისა თუ ხარისხის კუთხით, ესეც იქნება ეტაპობრივი პროცესი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით მივდივართ და მომავალშიც გავაგრძელებთ",- აღნიშნა ხოსე მიგელ სანტოსმა.
მისივე თქმით, ბევრი ინდიკატორი აქვთ, რომლის მონიტორინგსაც ახორციელებენ და ასევე აკონტროლებენ ხარისხის გაუმჯობესების პროცესს.
"შარშან, დაუგეგმავი ინციდენტების რაოდენობა, 8%-ით შემცირდა, თუმცა იმ მომხმარებლების რიცხვი თბილისში, რომლებსაც შეეხოთ, მაგალითად, წყლის შეწყვეტა - 30%-ით შემცირდა, რუსთავში კი 40%-ით. ასევე, ვმუშაობთ წყლის შეწყვეტის ხანგრძლივობაზე, რომელიც 30 წუთით შემცირდა და რუსთავში საშუალო გათიშვა ახლა 3 საათზე მეტია, თბილისში კი 6",- ამბობს ხოსე მიგელ სანტოსი.